საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში თურქეთთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
ფრანგმა სპეციალისტმა მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა:
„რა თქმა უნდა, მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა, ორი დღე საკმარისი არაა და ეს პრობლემა ყოველთვის არსებობს, მაგრამ იგივე პრობლემა აქვს თურქეთს და ყველას, ამდენად, ეს პრობლემა აღარაა.
ევრო 2024-ის მატჩი? ყველა თამაშს თავისი ისტორია აქვს, ორი განსხვავებული ტურნირია, შესაბამისად, განსხვავებული მატჩებიც. რაც შეეხება კვარაცხელიას, კი, მას ჰქონდა პატარა პრობლემები, მაგრამ ახლა კარგადაა და ხვალ, მჯერა, რომ ძალიან კარგად ითამაშებს.
გუნდის მოტივაციასა და მზადყოფნაში ეჭვი არ მეპარება, ხვალ ყველა მოტივირებულია, ახალწვეულების ინტეგრირებაც კარგად მიმდინარეობს და ყველა მზადაა თამაშისთვის. ვფიქრობ, გუნდი კარგ ფორმაში იქნება.
რომელ თურქ ფეხბურთელს დავიმატებდი? ჰამით ალტინტოპს, რადგან შესანიშნავი ადამიანი და კარგი მეგობარია, მინდა, მას მოკითხვა გადავცე“, - თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთის მატჩი 4 სექტემბერს, 20:00 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება. საქართველოს თურქეთთან ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი აქვს - 1 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება. საქართველო 7 სექტემბერს, უკვე 17:00 საათზე ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.