„ლიონის“ ტექნიკური დირექტორი მატიე ლუი-ჟანი სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა და პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ბუნებრივია, მან გიორგი მიქაუტაძეზეც გააკეთა კომენტარი, რომელიც „ვილიარეალში“ გაყიდეს და თქვა, რომ ეს პრაქტიკულად იძულებითი ნაბიჯი იყო, თორემ თანამშრომლობის დასრულება არცერთ მხარეს სურდა:
„ჟორჟმა იცოდა, რომ „ვილიარეალის“ ინტერესი არსებობდა. მან გააცნობიერა და ეს კვირა საღამოსაც დააფიქსირა, რომ კლუბი ყველაფერზე წინ დგას. იდეალურ შემთხვევაში, მას დარჩენა უნდოდა, ჩვენც გვინდოდა მისი შენარჩუნება, მაგრამ ბაზრის რეალობამ თავისი ქნა და ის წავიდა. საბოლოოდ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი მაინც ბალანსის მიღწევა იყო. ჟორჟმა კარგად გაიგო ეს მდგომარეობა. „ვილიარეალი“ მისთვის მიმზიდველი პროექტია. ესპანური ფეხბურთი უყვარს, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდოდა. მისთვის ეს იდეალური პროექტი იყო“, - აღნიშნა ფრანგმა მენეჯერმა.
გიორგი მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, ის "ლომებმა" შარშან "მეციდან" 18.5 მილიონ ევროდ შეიძინეს. მიმდინარე სეზონში მან ორ მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ სეზონში 47 შეხვედრაში 17 გოლით და 11 საგოლე პასით გამოირჩა. მთლიანობაში მშობლიურ კლუბში 49 შეხვედრაში 18 გოლით და 11 საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა. მიქაუტაძეს უთამაშია ბელგიურ „სერენში“, ამსტერდამის „აიაქსში“ და „მეცში“, ხოლო საქართველოს ნაკრებში 37 მატჩში 20 გოლი გაიტანა.
"ვილიარეალის" ისტორიაში მიქაუტაძე ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა - 31 მილიონი ევრო და პლუს 5 მილიონის ბონუსი, ჯამში 36 მილიონი. ესპანური კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, სადაც ფაზის ეტაპზე „მანჩესტერ სიტის“, „დორტმუნდს“, „იუვენტუსს“, „ლევერკუზენს“, „აიაქსს“, „ტოტენჰემს“, „კოპენჰაგენსა“ და „პაფოსს“ უნდა შეხვდეს, ასე რომ, არაერთ გრანდთან ითამაშებს, მაგრამ „აიაქსთან“ მისი დაპირისპირება განსაკუთრებით გამოსარჩევი იქნება, ხოლო ლა ლიგაში „ვილიარეალმა“ ორ ტურში 6 ქულა მოიპოვა.
გიორგი დემეტრაძის (სოსიედადი), შოთა არველაძის (ლევანტე), გიორგი ქოჩორაშვილისა (ლევანტე) და გიორგი მამარდაშვილის (ვალენსია) შემდეგ მიქაუტაძე მეხუთე ქართველი იქნება, ვინც ესპანეთის ლა ლიგაში ითამაშებს.









