„პარი სენ-ჟერმენის“ გასახდელში, როგორც ჩანს, ყველაფერი იდეალურად არაა, რისი მიზეზიც უკრაინელი მცველი ილია ზაბარნი და რუსი მეკარე მატვეი საფონოვი არიან.
როგორც გაირკვა, ზაბარნი პსჟ-ს ტრანსფერს იმიტომ დათანხმდა, რომ კლუბისგან საფონოვის გაყიდვის პირობა მიიღო, რომელიც არ შესრულდა და რუსი ისევ პარიზულ კლუბშია. ამის შესახებ კიევის "დინამოს" ყოფილმა მეკარემ დენის ბოიკომ განაცხადა.
„საბედნიეროდ, საფონოვი არ თამაშობს და ეს უკვე დადებითია. ვესაუბრე ზაბარნის და ვიცი, რომ მან პსჟ-ში გადასვლის პირობად მოითხოვა რუსი არ ყოფილიყო გუნდის ნაწილი. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე ვერ წარიმართა, როგორც ილია იმედოვნებდა. ამ ადამიანს კონტრაქტი აქვს, რომლის გაწყვეტა შეუძლებელია“, - თქვა ბოიკომ.
მატვეი საფონოვი პსჟ-ს 2024 წელს „კრასნოდარიდან“ 24 მილიონ ევროდ შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულმადე აკავშირებს. ის პსჟ-ში მეორე მეკარეა.
ზაბარნი ამ საკითხს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა:
„მადლობას ვუხდი პსჟ-ს, რომ მომცა შესაძლებლობა, მეთამაშა უმაღლეს დონეზე და წარმომედგინა ჩემი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე. ამავდროულად, ჩემი ქვეყანა ოთხი წელია ომშია. რუსები აგრესორები არიან, რომლებიც ამაოდ ცდილობენ უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის განადგურებას. ომი გრძელდება და მე არცერთ რუსთან არ მაქვს ურთიერთობა. რაც შეეხება ჩემს თანაგუნდელს (საფონოვს - რედ), მასთან ურთიერთობა პროფესიულ დონეზე, ვარჯიშებზე მიწევს. კლუბის წინაშე ჩემს ვალდებულებებს შევასრულებ, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სანამ ომი გაგრძელდება, სრულად ვუჭერ მხარს რუსული ფეხბურთის იზოლაციას“, - თქვა ზაბარნიმ.
პსჟ-ს მწვრთნელის, ლუის ენრიკეს კომენტარი ამ საკითხზე ასეთი იყო: „სპორტი და განსაკუთრებით ფეხბურთი, საუკეთესო საშუალებაა ადამიანების გასაერთიანებლად და არა განსაცალკავებლად“.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ ილია ზაბარნი გასულ ზაფხულს „ბორნმუთიდან“ 65 მილიონ ევროდ დაიმატა.