საბერძნეთის ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა და საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გაიყოლა.
ბოსნიასთან მარცხის შემდეგ ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდი ამ მატჩზე იყო დამოკიდებული, ესპანეთი თუ მოიგებდა, საქართველო ჯგუფში რჩებოდა. საბერძნეთი მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, მაგრამ ესპანეთმა მოახერხა თამაშში დაბრუნება და ბოლო წამებში ზედიზედ 5 ჯარიმა რომ არ აეცილებინათ, ალბათ ესპანელები მოიგებდნენ.
თუმცა, საბოლოოდ, საბერძნეთმა 90:86 გაიმარჯვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მოქმედი ევროპის ჩემპიონი ჯგუფში ჩარჩა! ესპანეთი ჯგუფში 33 წლის შემდეგ პირველად ჩარჩა. იანის ანტენტოკუმპოს ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე - 25 ქულა, 14 მოხსნა და 9 პასი, ხოლო ტაილერ დორსის აქტივში 22 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი იყო.
საბოლოოდ, საქართველომ და ესპანეთმა 2 მოგებისა და 3 წაგების ბალანსით დაასრულეს ასპარეზობა, მაგრამ საქართველომ მეტოქეს ურთიერთშეხვედრის ხარჯზე აჯობა, რომელიც პირველ ტურში 83:69 მოიგო. საქართველოს ნაკრები ისტორიაში მეორედ გავიდა მერვედფინალში, ჯგუფიდან მესამედ, რადგან 2011 წელს მოახერხა პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევა, მაგრამ მაშინ სხვა ფორმატი იყო, მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადავიდა, რომელიც უკვე ვერ გადალახა.
შედეგად, საქართველოს ნაკრები მერვედფინალში 7 სექტემბერს, საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება, რომელიც აშკარა ფავორიტი იქნება.
C ჯგუფის სატურნირო ცხრილი
1. საბერძნეთი (4-1)
2. იტალია (4-1)
3. ბოსნია (3-2)
4. საქართველო (2-3)
5. ესპანეთი (2-3)
6. კვიპროსი (0-5)
ევრობასკეტზე ყველა მერვედფინალური წყვილი
ლიეტუვა - ლატვია (6 სექტემბერი, 19:30 საათი)
საბერძნეთი - ისრაელი (7 სექტემბერი, 22:45 საათი)
თურქეთი - შვედეთი (6 სექტემბერი, 13:00 საათი)
პოლონეთი - ბოსნია (7 სექტემბერი, 13:00 საათი)
გერმანია - პორტუგალია (6 სექტემბერი, 16:15 საათი)
იტალია - სლოვენია (7 სექტემბერი, 19:30 საათი)
სერბეთი - ფინეთი (6 სექტემბერი, 22:45 საათი)
საფრანგეთი - საქართველო (7 სექტემბერი, 16:15 საათი)









