საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩის (2:3) შემდეგ ისაუბრა.
კვარა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში მე-19 გოლი გაიტანა, გულდაწყვეტილია, მაგრამ უკვე მომდევნო მატჩზე ფიქრობს:
„ძალიან ცუდად დავიწყეთ, სულ თურქეთს ჰქონდა უპირატესობა, პირველივე წუთებზე გოლი გავუშვით და ამან იმოქმედა ჩვენზე. თუმცა, ვფიქრობ, მეორე ტაიმში გუნდმა მაქსიმუმი გაიღო, არ არის მარტივი თურქეთთან ორი გოლის გატანა. ჩემი აზრით, შეიძლებოდა უკეთესად თამაში, მაგრამ ხდება ხოლმე, ფეხბურთია, უნდა გავაგრძელოთ შემდეგ მატჩებზე ფიქრი და ყველაფერი შესაძლებელია.
რა თქმა უნდა შეცდომებს გამოვასწორებთ, ვნახავთ, რა შეცდომები დავუშვით და ამაზე ვიმუშავებთ, დარწმუნებული ვარ, მწვრთნელი ამაზე უკვე ფიქრობს. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, ეს დღე წარსულს უნდა ჩავაბაროთ, რადგან ვერაფერს შევცვლით. ამიტომ უკვე ბულგარეთზე უნდა ვიფიქროთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია და ვეცდებით, ბულგარეთს მოვუგოთ“, - თქვა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს, თბილისში, ბულგარეთის ნაკრებს უმასპინძლებს.