არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მე-17 ტურის მატჩში ვენესუელას უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა ლიონელ მესიმ, ხოლო ერთი გოლი ლაუტარო მარტინესის ანგარიშზეა. როგორც ცნობილი ხდება, ლიონელ მესიმ შესაძლოა ბუენოს-აირესში ბოლო მატჩი ჩაატარა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ვენესუელასთან მატჩისწინა გახურების დროს ცრემლები ვერ შეიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდია შანსი მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ნაკრებში აღარ ითამაშოს.
მესიმ ასევე დაადასტურა, რომ შემდეგ შეხვედრას, რომელსაც არგენტინა ეკვადორის წინააღმდეგ გამართავს გამოტოვებს. მისი თქმით, დასვენება სჭირდება და ეს საკითხი ნაკრების მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებული აქვს.
შეგახსენებთ, რომ არგენტინას მსოფლიო ჩემპიონატის საგზური უკვე დიდი ხანია მოპოვებული აქვს. 17 ტურის შემდეგ 38 ქულა აქვთ და გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობენ. მეორე ადგილზე ბრაზილიის ნაკრებია, რომელსაც 28 ქულა აქვს. საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩს არგენტინა 10 სექტემბერს სტუმრად ეკვადორთან გამართავს.