crocobet დიდი 10-ის ახალი, 2025/26 წლების სეზონი საუცხოო თამაშით გაიხსნა. გორში, „რაგბი ჭალაზე“ გამართულ შეხვედრაში დებიუტანტმა გორის ‘გორმა’ და ქუთაისის ‘აიამ’ ჯამში 10 ლელო გაიტანეს და 80 ქულას მოუყარეს თავი.
მათგან 6 ლელო ‘აიას’ ანგარიშზე იყო. თამაში მათი გამარჯვებით, 43:37 დასრულდა. ‘გორმა’ სადებიუტო შეხვედრაში ნუგეშ-ქულა (7 და ნაკლები სხვაობით მარცხისთვის) მიიღო, რაც დიდწილად მამუკა ნინიძის დამსახურებაა. ვეტერანი მგეზავი გორელებს მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა, ‘აიასთან’ კარში 100%-იანი სიზუსტით ურტყა და 1 საცხრილო ქულის აღებასთან ერთად, ‘გორი’ თამაშში საფინალო სასტვენამდე დატოვა.
სეზონის პირველ თამაშს შოთა თევზაძე წარუძღვა. დებიუტში ორივე გუნდი შეცდომებს უშვებდა, თუმცა საწყის წუთებში მასპინძლები ორჯერ დაჯარიმდნენ, მეორე ჯერზე ელგუჯა მახარეიშვილმა კარში დარტყმა გადაწყვიტა და 40 მეტრიდან ახალი სეზონის პირველი ქულები აიღო. სადებიუტო მღელვარების გადალახვის შემდეგ გუნდებმა თამაში დაალაგეს და ტაიმის შუაში პირველი ლელოც ვიხილეთ. დერეფნიდან აგორებული მოლის შემდეგ გივი კაშიამ კარგად შეუტია, რაქიდან ბურთი სწრაფად გავიდა და გიორგი ქიმუცაძემ თანაგუნდელების დახმარებით სეზონის პირველი ლელო გაიტანა, ხოლო მახარეიშვილმა გარდასახვით ‘აიას’ უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა.
თამაში რომ განახლდა გორელებმა სტუმრები წნეხში მოაქციეს, დააჯარიმეს და მამუკა ნინიძემ crocobet დიდ 10-ში გორელთა პირველი ქულები მიითვალა. 26-ე წუთზე ნოდარ დოლიძემ მეტოქის 22-ში სწრაფად გაათამაშა ჯარიმა და სტუმართა მეორე ლელო გაიტანა (მახარეიშვილმა გარდასახა), რაზეც თამაშის განახლებისთანავე კიდევ ერთი ჯარიმით უპასუხა.
36-ე წუთზე ქუთაისელებმა მეტოქის 5-მეტრიანთან თერნოვერი გაახერხეს, სწრაფად გადაერთვნენ შეტევაზე და ქიმუცაძემ მეორე ძალისმიერი ლელო შეიტანა. მახარეიშვილმა ესეც გარდასახა, თუმცა ‘გორი’ არ გატყდა და შესვენების წინ დიდ 10-ში სადებიუტო ლელო გაიტანა. 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლი ზედ ლელოს ხაზთან ჩაიქცა, ბურთი სერგი ჩხაიძემ აიტაცა და ლელოში დაამიწა, ხოლო ნინიძემ გარდასახა - 13:24.
მეორე ტაიმი პირველზე უკეთესი საყურებელი აღმოჩნდა. ის გორელთა შეტევებით დაიწყო და ნინიძემ ჯარიმით ჩამორჩენა 8 ქულამდე დაიყვანა. ამის შემდეგ გუნდებმა 3-3 ლელო გაცვალეს. ყველა ჯერზე სტუმრები უპირატესობას ზრდიდნენ, მასპინძლები კი არ ნებდებოდნენ. გაშვებული ჯარიმის შემდეგ თამაში რომ განახლდა, ნიკა ღლონტმა სუფთად გაჭრა ხაზი და მარჯვენა ფრთაზე ლელოში ავთანდილ ზვიადაძე შეუშვა (მახარეიშვილმა გარდასახა). ‘გორმა’ დერეფნიდან აგორებული მოლით და დიმიტრი ხურცილავას ლელოთი უპასუხა, რომელიც ნინიძემ გარდასახა.
ამის შემდეგ ‘აიამ’ ბურთზე კონტროლი დაამყარა, რამდენჯერმე მწვავედ შეუტია, 64-ე წუთზე ლუკა ნარსიამ გიორგი ფრუიძის დროული პასის შემდეგ ხაზი სისწრაფეზე გაჭრა და მისი ლელო თემურ ძოძუაშვილმა გარდასახა. 4 წუთში გორელთა ხაზმა მეტოქის 22-ში ხელდახელ ჩაათამაშა ბურთი და გუნდის დებიუტანტმა გიორგი ჯობავამ ლელო ალამთან გაიტანა, თუმცა ურთულესი პოზიციიდანაც ნინიძის გარდასახვა კვლავ ზუსტი იყო.
‘აიას’ ბონუს-ქულის აღება (მეტოქეზე 3-ით მეტი ლელოს გატანისთვის) სურდა და მიზანს 73-ე წუთზე კიდევ ერთხელ, ფრუიძის ლელოს შემდეგ მიუახლოვდა. გარდასახვიდან ძოძუაშვილის დარტყმა ძელმა აისხლიტა, რამაც გორელებს 1 საცხრილო ქულის აღების შესაძლებლობა მისცა და ამით ბოლოსწინა წუთზე ისარგებლეს. მათი კარგი შეტევა 5 ქულით მარცხენა ალამთან ნიკა წივწივაძემ დაასრულა, ნინიძემ კი მორიგი რთული დარტყმა უნაკლოდ შეასრულა და თავისი გუნდი უქულოდ არ დატოვა - 37:43.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘აიას’ ცენტრი გიორგი ფრუიძე გახდა.
crocobet დიდი 10-ის პირველი ტურის ორი თამაში ხვალ, 6 სექტემბერს გაიმართება. 17 საათზე „ლელო არენაზე“ დედაქალაქურ დერბიში ‘ლელო’ ‘არმიას’ ეთამაშება, 19 საათზე კი კიდევ ერთი დებიუტანტი ‘წიქარა’ ‘ბათუმს’ „ავჭალაზე“ დაუხვდება.
7 სექტემბერსაა ჩანიშნული ტურის კიდევ ორი თამაში. 17 საათზე სტეფანწმინდის ‘ყაზბეგი’ რუსთავის ‘ხარებს’ „ავჭალაზე“ ერკინება, ხოლო 19 საათზე ‘ხვამლი’ „ხვამლი არენაზე“ ქუთაისის ‘არესს’ მასპინძლობს.
RUGBY.GE