ესპანური გამოცემა As-ი წერს, თუ როგორ მივიდა „ვილიარეალი“ საბოლოოდ გიორგი მიქაუტაძემდე.
კლუბი მთელი ზაფხულის განმავლობაში ცდილობდა თავდამსხმელის დამატებას და ბევრი უშედეგო მცდელობის შემდეგ ქართველი ფორვარდი იყიდა, რომელშიც მისთვის სარეკორდო თანხა გადაიხადა:
„მას შემდეგ, რაც ტიერნო ბარი ივლისის დასაწყისში „ვილიარეალიდან“ „ევერტონში“ გადავიდა, „ვილიარეალმა“ იცოდა, რომ შეტევის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ძალისხმევა მოუწევდა და რომ ეს ადვილი არ იქნებოდა.
ზაფხულის განმავლობაში ბევრი ფეხბურთელი დაუკავშირეს „ყვითელ სუბმარინას“ შეტევის გასაძლიერებლად, მაგრამ პრემიერლიგამ, თავისი ძალისა და ფინანსური ძლიერების გათვალისწინებით, კარი მიუჯახუნა ნებისმიერ ასეთ მცდელობას. მიუხედავად იმისა, რომ „ვილიარეალი“ ძალიან ახლოს იყო „ევერტონის“ (ახლა უკვე „ლიდსის“) ინგლისელი თავდამსხმელის, დომინიკ კალვერტ-ლევინის გაფორმებასთან, საბოლოოდ, შეთანხმება ჩაიშალა. ასევე გამოიჩინეს ინტერესი ისეთი ფეხბურთელების მიმართ, როგორებიც გესანი, კალიმუენდო და ემანუელ ემეგა არიან, თუმცა არაფერი გამოვიდა.
ბაზარზე სიფრთხილე იყო საჭირო და საუკეთესო ვარიანტებს ეძებდნენ. რენატო ვეიგას მოსვლამ ტემპი შეცვალა, მარსელინოს მოთხოვნამ აიძულა კლუბი შეცვლილიყო საწყისი გეგმა, რომელიც მაღალი დონის თავდამსხმელის დამატებაში დიდი ინვესტიციების განხორციელებას გულისხმობდა. იყო იჯარით არტიომ დოვბიკის დამატების იდეაც, რაზეც ფეხბურთელმა და „რომამ“ უარი თქვეს, ხოლო ჯექსონისა და სორლოტის შესახებ ჭორები რეალობაზე მეტად სურვილს ჰგავდა.
თუმცა, „კრისტალ პალასში“ იერემი პინოს მოულოდნელმა ტრანსფერმა შეცვალა სიტუაცია და „ვილიარეალს“ შეტევაში დიდი ინვესტიციით გაძლიერების სურვილი გაუღვიძა. კლუბმა გადაწყვიტა, რომ მაღალი დონის თავდამსხმელი ეყიდა და მიქაუტაძე აირჩიეს.
საწყისი მცდელობის შემდეგ, გარიგება გასულ პარასკევს დასრულდა, რის შედეგადაც „ვილიარეალმა“ 31 მილიონი ევრო გადაიხადა (5 მილიონი ბონუსიც). კლუბმა ისტორიაში ყველაზე დიდი ტრანსფერი განახორციელა.
„ვილიარეალმა“ ევროპული სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თავდამსხმელი დაიმატა. მიქაუტაძე მომდევნო ექვსი სეზონის განმავლობაში ყვითელი მაისურით ითამაშებს, რაც მას კლუბის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აქტივად აქცევს“, - წერს AS-ი.
გიორგი მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, ის "ლომებმა" შარშან "მეციდან" 18.5 მილიონ ევროდ შეიძინეს. მიმდინარე სეზონში მან ორ მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ სეზონში 47 შეხვედრაში 17 გოლით და 11 საგოლე პასით გამოირჩა. მთლიანობაში მშობლიურ კლუბში 49 შეხვედრაში 18 გოლით და 11 საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა. მიქაუტაძეს უთამაშია ბელგიურ „სერენში“, ამსტერდამის „აიაქსში“ და „მეცში“, ხოლო საქართველოს ნაკრებში 37 მატჩში 20 გოლი გაიტანა.
"ვილიარეალის" ისტორიაში მიქაუტაძე ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა - 31 მილიონი ევრო და პლუს 5 მილიონის ბონუსი, ჯამში 36 მილიონი. ესპანური კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, სადაც ფაზის ეტაპზე „მანჩესტერ სიტის“, „დორტმუნდს“, „იუვენტუსს“, „ლევერკუზენს“, „აიაქსს“, „ტოტენჰემს“, „კოპენჰაგენსა“ და „პაფოსს“ უნდა შეხვდეს, ასე რომ, არაერთ გრანდთან ითამაშებს, მაგრამ „აიაქსთან“ მისი დაპირისპირება განსაკუთრებით გამოსარჩევი იქნება, ხოლო ლა ლიგაში „ვილიარეალმა“ ორ ტურში 6 ქულა მოიპოვა.