საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, ოთხმცველიან სისტემაზე გადასვლა სწორია და თურქეთთან მარცხის მიზეზი ეს არ ყოფილა.
„ჯერაც ვერ გავიგე, რატომ მომცეს წითელი ბარათი. მსაჯებთან შეკითხვები ხშირად გიჩნდება, მაგრამ პასუხი მხოლოდ ისაა, რომ უნდა დამშვიდდე. ეს გაღიზიანებას იწვევს და მეც ეს დამემართა. არ მივიჩნიე საჭიროდ ხუთივე შეცვლის გამოყენება. შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს, გათანაბრება შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა.
სათამაშო სისტემა მარტიდან მოყოლებული შევცვალეთ, ბოლოს 4 მცველით ნოემბერში ვითამაშეთ, 10 თვის წინ. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენთვის წინსვლის გზაა, რათა დადებითი ევოლუცია გავაგრძელოთ, ერთა ლიგაზე ვნახეთ, რომ სამცველიანი სისტემა არ მუშაობდა, ბევრი პრობლემა გვქონდა უკრაინასათან და ჩეხეთში. ამიტომ, ცვლილებების აუცილებლობა იყო, რა თქმა უნდა, როდესაც ცვლილებებია, დრო ყოველთვის საჭიროა ადაპტაციისთვის. თუ ახლა არ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, შეიძლება მერე გვიანი იყოს, დროს დავკარგავთ, ასე რომ, არ მინდა დროის დაკარგვა, არ მგონია, საქართველოს დასაკარგი დრო ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ ახლავე დავიწყოთ, ფეხბურთელებისთვის ახალი პროექტის, თამაშის სხვა სტილის მიცემა , რადგან მათ სურთ ამის იდენტიფიცირება და ეს მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ეს ცვლილებაა, მაგრამ როდესაც მარტში ამ სისტემით ძალიან კარგად ვითამაშეთ, თურქეთთან წაგება კი, არა იმდენად ორგანიზებაში, არამედ მატჩის დასაწყისში დაშვებულმა შეცდომებმა რთულ სიტუაციაში ჩაგვაგდო. ამ სისტემით ძალიან კარგი მეორე ტაიმი ჩავატარეთ. ასე რომ, ეს მაჩვენებს, რომ ეს სწორი ნაბიჯია და სწორი გზაა. შესაძლოა, არა მომდევნო სამი-ხუთი თვის განმავლობაში, მაგრამ მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში.
მსაჯების წყალობით მატჩის ტრიბუნიდან ყურება მომიწევს, მაგრამ კარგია, რომ ამას უფასოდ შევძლებ. მნიშვნელოვანია ისეთი მითითებების გაცემა, რომელსაც ფეხბურთელები თამაშში გამოიყენებენ, რადგან მწვრთნელი ვარ და ზოგჯერ სათადარიგო სკამზე მიწევს გადაწყვეტილებების მიღება, სამწუხაროა, რომ იქ ვერ ვიქნები. შეცდომა დავუშვი, რომ წითელი ბარათი მივიღე, მაგრამ არ მომწონს თანამედროვე ფეხბურთის წესები, რადგან ჩემი შეხედულებების ახსნა მსაჯისთვის არ შემიძლია.
ხვალ გარკვეული ცვლილებები იქნება, თურქეთთან შედარებით სხვა მეტოქეა. ყოველ სამ დღეში ვთამაშობთ და ცვლილებები იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე განსხვავებულის გაკეთება გვინდა. გვინდა ვიმოქმედოთ.
ბულგარეთზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ხვალ ამ გუნდს ვეთამაშებით. 2022 წელს შევხვდით, კარგი მატჩები გვქონდა, განსაკუთრებით ბულგარეთში გამართული მატჩი. მას შემდეგ ისინი ძალიან შეიცვალნენ. უკეთ ორგანიზებული გუნდია, უკეთ სტრუქტურირებული, მე მათ ირლანდიასთან, ბელარუსთან, ლუქსემბურგთან, ესპანეთთან ვუყურე. მათი სუსტი წერტილები უნდა ვიპოვოთ. ეს განსხვავებული გუნდია ორი ან სამი წლის წინანდელისგან. მათ კარგი ბალანსი აქვთ, მაღალ პრესინგს ახორციელებენ.
მე ფრანგი ვარ და კოსტადინოვი კარგად მახსოვს. ეს 1993 წელს იყო, არა? დიახ, აღარ გყავთ კოსტადინოვის, ლეჩკოვის და ა.შ. მსგავსი მოთამაშეები. მაგრამ კარგად ორგანიზებული ხართ და ჩვენთვის რთული იქნება“, - თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბულგარეთის მატჩი 7 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 17:00 საათზე გაიმართება. პირველ ტურში საქართველო შინ თურქეთთან 2:3 დამარცხდა, ხოლო ბულგარეთი ესპანეთთან (0:3).






