ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე პირველი სენსაცია დაფიქსირდა - ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი სერბეთი ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
სერბეთს ბოგდან ბოგდანოვიჩი ჯგუფურ ეტაპზე გამოაკლდა, რამაც როგორც ჩანს, დიდი გავლენა იქონია გუნდზე. სვეტისლავ პეშიჩის გუნდმა ჯერ ჯგუფში ვერ დაიკავა პირველი ადგილი, სადაც თურქეთთან წააგო და ახლა ფინეთთანაც ვერაფერს გახდა.
ფინეთი „კერკეტი კაკალია“, იოლი მეტოქე არავისთვისაა, მაგრამ სერბეთთან გამარჯვება მაინც ხმაურიანი ამბავია. ფინელებმა თავიდანვე შესანიშნავად დაიწყეს და პირველი პერიოდი 28:24 მოიგეს. მეორე მეოთხედში სერბეთი გამოცოცხლდა (24:16) და დიდ შესვენებაზე დაწინაურებული გავიდა. თუმცა, მესამე და მეოთხე პერიოდები ფინეთმა მოიგო (24:18, 24:20), შესაბამისად, საბოლოოდ - 92:86 გაიმარჯვა.
ფინეთის ნაკრებს ლაური მარკანენმა ულიდერა, რომელმაც 29 ქულა და 8 მოხსნა ჩააგდო, 15 ქულა ჰქონდა მიკაელ იანტუნენს, 13-13 ელიას ვალტონენსა და მირო ლიტლეს.
სერბეთის ნაკრებში რა თქმა უნდა, ნიკოლა იოკიჩი იყო საუკეთესო 33 ქულით და 8 მოხსნით, ხოლო ნიკოლა იოვიჩს 20 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა.
ფინეთის ნაკრები მეოთხედფინალში საფრანგეთისა და საქართველოს წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.