საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა ბულგარეთის ნაკრებთან მატჩის (3:0) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. ფრანგი დისკვალიფიცირებული იყო, ამიტომაც, მედიასთან საუბრის უფლება არ ჰქონდა.
სანიოლის ასისტენტმა მედიასთან თამაში დეტალურად შეაფასა:
„პირველ რიგში გილოცავთ ჩვენი ნაკრების და კალათბურთელების უდიდეს გამარჯვებას, ეს განსაკუთრებული დღეა.
დღეს განსხვავებული თამაში ვიხილეთ, ვიდრე თურქეთთან იყო. ამისთვის ბიჭებს დიდი მადლობა, რადგან ორ დღეში მოახერხეს ძალების აღდგენა და სამწვრთნელო შტაბის დავალებები გაიაზრეს. გამოვყოფ, რომ გიორგი მამარდაშვილის დონის მეკარე რომ არ გვყავდეს, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა, რადგან პირველივე წუთზე გოლისგან გადაგვარჩინა. კიდევ გავიმეორებ, რომ მამარდაშვილის სახით უდიდესი კლასის მეკარე გვყავს, უდიდეს კლუბში თამაშობს.
კაშიას, დიდი მადლობა, ვეღარ ვითვლით უკვე, რამდენი თამაში ჩაატარა ნაკრებში და რამდენჯერ უკაპიტნა. თურქეთთან ჰქონდა ჩვეულებრივი ინდივიდუალური შეცდომა, მაგრამ დღეს ასაკიდან გამომდინარე არ იყო, ჰქონდა ვილის მასთან საუბარი და მარტივი გადაწყვეტილებაც მივიღეთ. პროფესიონალი ფეხბურთელები არიან, განსაკუთრებით, კაშოზე როცა ვსაუბრობთ.
რაც შეეხება დებიუტანტებს, ლომინაძე ძალიან კარგად ჩაერთო თამაშში, მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, პორტუგალიაში რომ წავიდა, ვფიქრობდით, რომ გამოვიძახებდით და ასეც მოვიქეცით, კმაყოფილები ვართ. მას სამომავლოდ დიდი პოტენციალი აქვს, იმედი მაქვს, გააგრძელებს პორტუგალიაში სტაბილურად თამაშს.
რაც შეეხება კაკაბაძეს, ფეხბურთელობის დროს მეც ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, ასე რომ, შეცდომების გამო ფეხბურთელებს არ ვაკრიტიკებთ და ამით არ წყდება, გამოძახება-არგამოძახება, ითამაშებს თუ არა - ეს კი, მაგრამ შეცდომები ფეხბურთის ნაწილია.
გოგლიჩიძე როცა ეროვნულ ნაკრებში მოვიდა, პირველი ჩვენი განცდა იყო - ვაუ! ძალიან სწრაფია, ძლიერი ორთაბრძოლებში, ეს ვარჯიშებზეც დაგვანახა, არა მარტო ახლა, არამედ წინა შეკრებებზეც. მან გუნდი შეიცვალა, სერია A-ში თამაშობს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია მსოფლიოში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გოგლიჩიძე საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი წლების განმავლობაში იქნება, მნიშვნელობა არ აქვს, მე და ვილი ვიქნებით თუ არა ეროვნულ ნაკრებში.
მეორე ადგილის შანსი გვაქვს და სანამ ეს შანსია, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. კვარას კაპიტნობას რაც შეეხება, მნიშვნელობა არ აქვს, ეკეთება თუ არა, სამკლაური, ის ისედაც გუნდის ლიდერია. კაშიას შემდეგ კიტეიშვილი, კაკაბაძე, კვარაცხელია არიან ვიცე-კაპიტნები, უბრალოდ კიტე არ იყო და დღეს სამწვრთნელო შტაბმა გადავწყვიტეთ, რომ კვარა ყოფილიყო კაპიტანი, ვფიქრობ, ამაში არაფერია განსაკუთრებული. ჩემთვის ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ვის ეკეთება სამკლაური, უბრალოდ, გვჭირდება, რაც შეიძლება მეტი ლიდერი.
პრობლემები არსებობს და იარსებებს, ოქტომბერში ორი ურთულესი თამაში გველოდება და მაგ პრობლემებს იქ უფრო მეტად დავინახავთ, მაგრამ სამწვრთნელო შტაბი იმისთვის ვართ, რომ ეს პრობლემები შევამციროთ. კლასი ყოველთვის ძალიან დიდ როლს თამაშობს, თურქეთთან მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ბურთის სწრაფად და კარგად ამოტანა ვერ მოვახერხეთ. ჯგუფში ჩვენი შანსი დამოკიდებულია იმაზეც, სხვა გუნდები როგორ ითამაშებენ. მაქსიმალისტები უნდა ვიყოთ, მაგრამ ძალიან რეალობას რომ არ გავცდეთ, როცა ესპანეთია ჯგუფში, მეორე ადგილი და პლეი ოფი დიდი წარმატება იქნება ჩვენთვის, მითუმეტეს, როცა კონკურენტად თურქეთი გყავს.
ვფიქრობ, მამარდაშვილისგან გადაედო ბიჭებს თავდადება, მაგრამ თუ ერთი ფეხბურთელის გამორჩევაზე მეკითხებით, ნიკა გაგნიძემ უდიდესი სამუშაო შეასრულა, მის თამაშს თუ დააკვირდებით, ეს ბიჭი ძალიან დიდ როლს თამაშობს უკვე ნაკრებში.
მოგებული თამაშის შემდეგ ბევრი დადებითი მხარის გამორჩევა შეიძლება, მაგრამ შეტევაში ყველაზე გამორჩეული სწრაფი თამაში და როტაცია იყო, შემტევები, ზურიკო, კვარა, მიქაუტაძე, პოზიციებს ცვლინდნენ, გაგნიძეს და მექვაბიშვილს ჩარბენები ევალებოდათ. მცველებს ჰქონდათ საშუალება, რომ უფრო მოკლე პასებით ეთამაშათ იმ სივრცეებში, სადაც ზურიკო და ხვიჩა შემოდიოდნენ“, - თქვა ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 2026 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს. სანიოლის გუნდი თურქეთთან დამარცხდა (2:3), ხოლო ბულგარეთთან გაიმარჯვა (3:0) საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩებს 11-14 ოქტომბერს, სტუმრად შესაბამისად, ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებთან გამართავს.