საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
თურქეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდმა რეაბილიტირება ბულგარეთთან ადვილი გამარჯვებით შეძლო. ფრანგმა სპეციალისტმა შემადგენლობაშიც მოახდინა ცვლილებები, მათ შორის, კაპიტანი გურამ კაშია სათადარიგო სკამზე დატოვა, ხოლო ცენტრში ლუკა ლოჩოშვილი დააყენა, მარცხნივ - ირაკლი აზაროვი. სიახლე იყო სასტარტოში ნიკა გაგნიძის გამოჩენაც.
პირველი სახიფათო მომენტი ბულგარეთის ნაკრებმა შექმნა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა. მალევე საქართველოს ნაკრებმაც შექმნა ხიფათი, ოთარ კაკაბაძის დარტმა მეკარემ მოიგერია.
ნელ-ნელა თამაშზე კონტროლი საქართველომ დააწესა, რაც შედეგშიც აისახა. 30-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა, ხვიჩა კვარაცხელიამ ზუსტად დაარტყა და ეროვნულ ნაკრებში მე-20 გოლი გაიტანა, რითაც გიორგი მიქაუტაძეს დაეწია (როგორც მოგვიანებით გაირკვა, დროებით). ტაიმის მიწურულს ქართველმა ფეხბურთელებმა შესანიშნავი კომბინაცია გაათამაშეს: ზურიკო დავითაშვილის მაგარი პასით მეკარესთან პირისპირ ნიკა გაგნიძე დარჩა, რომელმაც მეკარეს შანსი არ მისცა - 2:0. გაგნიძისთვის ეს სადებიუტო გოლია ეროვნულ ნაკრებში.
საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმშიც ფლობდა დიდ უპირატესობას, საგოლე მომენტები ხშირად აღარ იქმნებოდა, მაგრამ აშკარა იყო გუნდებს შორის სხვაობა. 66-ე წუთზე მიქაუტაძემაც გაიტანა თავისი გოლი, ახლო მანძილიდან. მას 21 გოლი დაუგროვდა ნაკრებში და კიდევ უფრო მიუახლოვდა შოთა არველაძეს, რომელსაც უკვე მხოლოდ 5 გოლით ჩამორჩება.
დარჩენილ დროში უკვე აღარაფერი შეცვლილა, თამაშის ბედი კარგა ხნის გადაწყვეტილი იყო. ამ ორმა მატჩმა დაგვანახა, რომ საქართველოს ნაკრები მართლაც გაიზარდა და აქვს კიდევ პროგრესის პოტენციალი, მაგრამ ჯერ სამუშაო ძალიან ბევრია, განსაკუთრებით დაცვის ხაზზე.
საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში მესამედ დაამარცხა ბულგარეთის ნაკრები, რომელთანაც ისევ უარყოფითი ბალანსი აქვს - 3 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება.
საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ორ ტურში 3 ქულა აქვს მოპოვებული, ხოლო მომდევნო სანაკრებო ფანჯარა ოქტომბერშია. ვილი სანიოლის გუნდი 11 ოქტომბერს, ესპანეთს სტუმრად შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს თურქეთს ეწვევა.
საქართველო - ბულგარეთი 3:0 (2:0)
თბილისი, „დინამო არენა“
საქართველო (4-3-3): მამარდაშვილი; კაკაბაძე (ლომინაძე 83), გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, აზაროვი; გაგანიძე, ქოჩორაშვილი (მამუჩაშვილი 77), მექვაბიშვილი; დავითაშვილი (ლობჟანიძე 83), მიქაუტაძე (ზივზივაძე 77), კვარაცხელია (გულიაშვილი 77)
მწვრთნელი: ვილი სანიოლი
ბულგარეთი (4-2-3-1): ვუცოვი; მინკოვი (ნიურნბერგერი 46), დიმიტროვი, ბოჟინოვი, ნედიალკოვი; კრაევი (გრუევი 46), ცენევი; პეტკოვი (შოპოვი 80), მილანოვი (ჩოჩევი 67), კირილოვი; ნიკოლოვი (კოლევი 67)
მწვრთნელი: ილიან ილიევი
გოლები: 1:0 კვარაცხელია (30), 2:0 გაგნიძე (44), 3:0 მიქაუტაძე (66)
გაფრთხილება: მექვაბიშვილი (3), ლოჩოშვილი (10) - ცენოვი (18), პეტკოვი (39), კრაევი (45), დიმიტროვი (53)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 4 (2) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 4:1 თამაშგარე: 2:2
მსაჯი: გლენ ნიუბერგი (შვედეთი)






