საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთლმა გაბრიელ სიგუამ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მან კომენტარი გააკეთა, როგორც მოახლოებულ შეხვედრაზე, ისე „ბაზელიდან“ „ლოზანაში“ გადასვლაზე და აღნიშნა, რომ თავს კარგად გრძნობს:
„დადებითად შევაფასებდი შეკრებას, ჯერ გაცნობის პერიოდში ვართ, მაგრამ ტაქტიკურად-ტექნიკურად ყველაფერი გავიარეთ ამ ერთ კვირაში და მაქსიმალურად მზად ვართ ხვალინდელი შეხვედრისთვის. წინა თაობებმა ამ ნაკრებში დიდი ისტორია დაწერეს, ხალხი ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მივაჩვიეთ, მოლოდინიც მეტია, ამას ვაცნობიერებთ და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს ყველაფერი გავაგრძელოთ და ისევ გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, გუშინდელმა დღემ ჩვენზე დადებითად იმოქმედა და უფრო მეტი სტიმულია, რომ ხვალ მაქსიმუმი გავაკეთოთ.
რთული პერიოდი გავიარე, ტრავმები მქონდა, მაგრამ ნელ-ნელა ვბრუნდები, გუნდიც შევიცვალე, რადგან „ბაზელში“ სათამაშო დროის ნაკლებობა მქონდა. ჩემი მთავარი მიზანი იყო, მაქსიმალურად განვითარება და თამაში მჭირდებოდა. ვფიქრობ, კარგი ნაბიჯი გადავდგი, მიხარია, რომ წვლილი შევიტანე გუნდის კონფერენს ლიგაზე გასვლაშიც. ბოლო სამ მატჩში სათამაშო დროც მივიღე, ადაპტაციაც მშვენივრად გავაირე გუნდთან, მთელ სტაფთან და ვფიქრობ, ყოველდღიურად მოვუმატებ და თავს კარგად ვგრძნობ.
გულშემატკივარს მოვუწოდებ მოვიდნენ, რადგან არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩვენთვის ისინი ძალიან დიდ ძალას წარმოადგენენ. ჩვენც არაფერს დავიშურებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყანა გავახაროთ“, - თქვა სიგუამ.
შეგახსენებთ, რომ გაბრიელ სიგუა „ბაზელიდან“ „ლოზანაში“ იჯარით გადავიდა. საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის მატჩი 9 სექტემბერს, 20:00 საათზე ქუთაისში გაიმართება.