ფეხბურთი

17:45 | 8.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "მინდა, ამ გუნდისგანაც ის ხასიათი ვნახო, რითაც ყოველთვის გამოვირჩეოდით"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

ქართველმა სპეციალისტმა ძალიან ბევრ თემაზე ვრცლად და დეტალურად ისაუბრა:


„ხვალინდელ მატჩს ძალიან დიდი ინტერესით ველოდები და იმას, თუ როგორ წარმოაჩენს ახალი თაობა საკუთარ თავს, როგორ მიიღებს იმ მენტალობას, რომელიც მანამდე იყო ახალგაზრდულ ნაკრებში. ეს ჩვენი პირველი შეკრებაა, რომელიც მთლიანად გაცნობითი ხასიათისაა, თუმცა ძალიან ნაყოფიერი შეკრება იყო და ყველაფერი გავაკეთეთ, რაც გვინდოდა იმ მოკლე დროში, რომელიც გვქონდა. დარწმუნებული ვარ, დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო დავლაგდებით და გავუგებთ ერთმანეთს, იმიტომ, რომ ნებისმიერ გუნდს და მითუმეტეს, ნაკრებს სჭირდება დრო. ეს ერთი მხარეა და მეორე მხარე ისაა, რომ ეს უკვე ოფიციალური მატჩია და შედეგიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ინტერესი ძალიან დიდია და მაინტერესებს რა სახით წარსდგება ჩემი გუნდი მოედანზე, მოლოდინი საკმაოდ პოზიტიური მაქვს და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება.

დიდი შანსია, რომ სალია ოქტომბრის სანაკრებო პაუზაზე არ იყოს, დანარჩენი დინამიკაში უნდა გამოჩნდეს. შეკრების წინ ბოლო ინფორმაცია, რაც გვქონდა, ისაა, რომ საკმაოდ ხანგრძლივ ტრავმაზე იყო საუბარი, მაგრამ განმეორებითი კვლევებით შეიძლებოდა რაღაცები შეცვლილიყო. ამიტომ, ოქტომბრის შეკრების წინ აუცილებლად მოვიკითხავთ მის მდგომარეობას, რადგან არა მარტო სალია, ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ამ ასაკობრივ ნაკრებში თამაში შეუძლია, ჩვენი ინტერესის სფეროშია.

ეს ჩვენი პირველი თამაშია. ტაქტიკურად ველოდები, რომ არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს, რადგან ბევრი ვივარჯიშეთ, მაგრამ სხვაა მენტალური მდგომარეობა, რომელშიც ხვალ ჩვენი ფეხბურთელები იქნებიან. მოგეხსენებათ, თითქმის მთლიანად შეიცვალა შემადგენლობა, მოვიდა ახალი თაობა, რომელსაც სჭირდება დრო, პირველ რიგში იმისთვის, რომ მოერგონ გუნდის ხასიათს და მენტალობას. მესმის, რომ ხვალ ოფიციალური მატჩია, მაგრამ ხმამაღალ განცხადებებს ვერ გავაკეთებ. დიდი ინტერესით ველით შეხვედრას. ჩრდილოეთ ირლანდია მებრძოლი ნაკრებია, საშუალო დონის გუნდია, თუმცა მათ აქვთ თავისი პლუსები, ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. გარდა ამისა, ოთხი მატჩი ითამაშეს და შეთამაშების პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ. არავინ არაფერს დაგვითმობს. ნებისმიერ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ამ ორი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ყველას სწორება იმისკენაა, რომ კიდევ ერთხელ ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე. თუმცა, მესმის, რომ ძალიან რთულია ეს დაისახო მიზნად. მიზანი ერთია, რეალობა - მეორე. ამ რეალობის შეფასებას გავაკეთებ, უბრალოდ დრო მჭირდება, რათა ამაზე ღიად და თამამად ვისაუბრო. ეს პირველი თამაშია, მაგრამ ეს არ ცვლის იმას, რომ ხვალ გვინდა დადებით შედეგს მივაღწიოთ, რადგან დადებითი ემოცია გაგვიმარტივებს იმას, რომ ძალიან მალე ვნახოთ ისეთი გუნდი, როგორიც გვინდა. პირველ რიგში მინდა ვნახო გუნდის ხასიათი და მენტალობა, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა.

დეისაძე საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელია, ფიზიკურად ძალიან ძლიერი, ტიპური 9 ნომერი, რომელსაც ბევრი დადებითი თვისება აქვს. ვისურვებდი, რომ, რაც შეიძლება მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. ძალიან კარგ ჩემპიონატშია, პოლონეთის უმაღლეს ლიგაში, თუმცა ძალიან კარგად ვიცი მისი ისტორია, ვიცი, რომ სათამაშო პრაქტიკასთან დაკავშირებით დიდი წყვეტა ჰქონდა და ესაა სწორედ პრობლემა, თორემ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და დროთა განმავლობაში მოუმატებს, მაგრამ გუნდში სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.

დაჩი ლორთქიფანიძე ჩვენც მოგვწონს, ამიტომაცაა ჩვენთან შეკრებაზე. ძალიან იმედიანად ვარ მის მიმართ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, სწორად განვითარების შემთხვევაში, არა მარტო ჩვენ, მთელ ქვეყანას ძალიან კვალიფიციური ნახევარმცველი ეყოლება. თუმცა, იგივეს გავიმეორებ, რაც დეისაძეზე ვთქვი - მასაც ზუსტად სათამაშო პრაქტიკის პრობლემა აქვს. ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც ევროპულ კლუბებში არიან, მაგრამ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდიან. თუ ჩვენ მომავალში მაღალ მიზნების მიღწევა ისევ გვინდა, ეს პრობლემა აუცილებლად უნდა გადაიჭრას, რადგან ძალიან რთულია ამ ყველაფრის გამკლავება, იმიტომ, რომ საქმე მაღალ ინტენსივობასთან გვაქვს, სათამაშო რიტმის შეგრძნებასთან და ეს ყველაფერი სათამაშო პრაქტიკის გარეშე არ მოდის.

გულშემატკივრების ყოველთვის მადლიერი ვართ, დარმწუნებული ვარ, ხვალ ბევრი გულშემატკივარი მოვა, თუ სტადიონი გაივსება, ორმაგად ბედნიერი ვიქნები. ქუთაისში ჩამოსვლა ყოველთვის გვიხარია, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და ყოველთვის სასიამოვნოა აქ ყოფნა, სადაც ყოველთვის სიხარულით ჩამოვდივარ, თავს შინაურ გარემოში ვგრძნობ. გუშინ ყველამ კიდევ ერთხელ ვნახეთ, რა ძალა აქვს ქვეყნისთვის გამარჯვებას, წარმატებას. მინდა, მივულოცო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, რა თქმა უნდა, კალათბურთელებს, რომლებმაც ისტორია გადაწერეს და ვისურვებდი, რომ ჩვენც დავაგვირგვინოთ ეს ყველაფერი და გულშემატკივარი ძალიან გვჭირდება, ყველას ვთხოვ, რომ მოვიდეს, რადგან ეს ბიჭები პირველ ნაბიჯებს დგამენ ფეხბურთში და ვისურვებდი, რომ მათ ხვალიდან იგრძნობ, რას ნიშნავს დიდი ფეხბურთი, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. თუ ძლიერ გუნდზე ვსაუბრობთ, სწორედ ამ ყველაფრიდან იწყება ყველაფერი ახალგაზრდულ ნაკრებში. კარგად იცით, რამდენი ფეხბურთელია დაწინაურებული ეროვნულ ნაკრებში, დიდ რაოდენობაზეა საუბარი და იმედია, ეს თაობაც გააგრძელებს. გუშინდელი მატჩი რომ ავიღოთ, იქ იყვნენ ფეხბურთელები, რომლებსაც ეს გზა თავიდან ბოლომდე გავლილი აქვთ და ვუსურვებ ახალი თაობის ფეხბურთელებს, რომ სწორედ ეს გზა გაიარონ, გამოადგნენ თავიანთ თავს და ქვეყანას“, - თქვა სვანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის მატჩი 9 სექტემბერს, 20:00 საათზე ქუთაისში გაიმართება. გარდა ამისა, ჯგუფში არიან გერმანია, მალტა, ლატვია და საბერძნეთი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161373