საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ფინეთის ნაკრებს შეხვდება. ორივე გუნდმა მერვედფინალში დიდი სენსაცია მოახდინა და ტურნირის ფავორიტები, სერბეთი და საფრანგეთი დაამარცხეს.
საქართველომ ფინეთთან ცოტა ხნის წინ, 2024 წლის ნოემბერში ითამაშა და ორივე მატჩი მოუგო - შინ და სტუმრად. თუმცა, ეს მატჩები ფინეთისთვის არაფერს წყვეტდა, რადგან ევროპის ჩემპიონატზე, როგორც მასპინძელი ისედაც გასული იყო, საკვალიფიკაციო ეტაპზე ფორმალურად თამაშობდა. თანაც, აკლდა მთავარი ლიდერი ლაური მარკანენი. თავის მხრივ, ოპტიმალური შემადგენლობით არც საქართველო იყო - სანდრო მამუკელაშვილისა და გოგა ბითაძის გარეშე ითამაშა.
საქართველო ფინეთთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას ფლობს (5-4), კონკრეტულად ევრობასკეტზე ეს გუნდები ერთადერთხელ, 2011 წელს შეხვდნენ, სხვათა შორის, მაშინაც 10 სექტემბერს შედგა მატჩი. 14 წლის წინ ფინეთმა გაიმარჯვა.
Fiba-ს საიტი მომავალ მატჩს შემდეგნაირად გამოეხმაურა:
„შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ძალიან ცოტა თუ ელოდა, ფინეთი და საქართველო ევრობასკეტზე ნახევარფინალში გასასვლელად ერთმანეთს შეხვდებოდნენ. თუმცა, სერბეთსა და საფრანგეთთან შოკისმომგვრელი თამაშების შემდეგ მოუთმენლად ველოდებით ამ თამაშის დაწყებას. გიჟური ვნება და მოედანზე დიდი ხარისხი, რაც ამ ისტორიაში სასწორზე უნდა იყოს.
თავდაპირველად, შაბათს ფინეთმა სერბეთის დამარცხებით შოკში ჩააგდო საკალათბურთო სამყარო, ხოლო ერთი დღის შემდეგ საქართველომ კიდევ ერთი განსაცვიფრებელი გამარჯვება მოიპოვა და საფრანგეთი დაამარცხა. პოდიუმის ორი მთავარი პრეტენდენტი უკვე გამოეთიშა ტურნირს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინეთი და საქართველო ნახევარფინალის საგზურისთვის ერთმანეთს შეხვდებიან.
ცხადია, ეს ორივე გუნდისთვის ისტორიული წარმატება იქნებოდა, რადგან აქამდე არცერთი გუნდი გასულა ნახევარფინალში. ფინეთმა თავისი საუკეთესო შედეგი 1967 წელს აჩვენა - მეექვსე ადგილი, ხოლო საქართველო რვა საუკეთესო გუნდში პირველადაა.
ორი გუნდის გამო, რომლებიც ისტორიის დაწერის ზღვარზე არიან, ეს თამაში სამუდამოდ დაუვიწყარი უნდა იყოს. ლაური მარკანენი და მისი გუნდი, შენგელია-ბითაძე-მამუკელაშვილის ტრიოს წინააღმდეგ. ეს არის თამაში, რომლის გამოტოვებაც უბრალოდ არ შეიძლება“, - წერს Fiba.
იცით თუ არა, რომ...
ეს ფინეთსა და საქართველოს შორის მეორე მატჩი იქნება უშუალოდ ევრობასკეტზე. 2011 წელს ფინელებმა მოიგეს.
საქართველომ ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში და 26-ე გუნდი გახდა, რომელმაც ამ ეტაპს ერთხელ მაინც მიაღწია.
ფინეთის თავკაცი ლასი ტუოვი მეოთხე მწვრთნელია ეტორე მესინას, ჟელიკო ობრადოვიჩისა და კრეშიმირ კოშიჩის შემდეგ, რომელმაც თავისი გუნდი ევრობასკეტის მეოთხედფინალში იქამდე გაიყვანა, ვიდრე 40 წლის გახდებოდა.
ფინეთი - საქართველოს ურთიერთშეხვედრები (4 მოგება ფინეთი - 5 მოგება საქართველო)
2004 წლის 12 სექტემბერი: საქართველო - ფინეთი 85:78
2005 წლის 3 სექტემბერი: ფინეთი - საქართველო 87:79
2006 წლის 13 სექტემბერი: ფინეთი - საქართველო 91:81
2007 წლის 2 სექტემბერი: საქართველო - ფინეთი 77:76
2011 წლის 10 სექტემბერი (ევრობასკეტი): საქართველო - ფინეთი 73:87
2020 წლის 28 ნოემბერი: ფინეთი - საქართველო 85:91
2021 წლის 21 თებერვალი: საქართველო - ფინეთი 70:78
2024 წლის 21 ნოემბერი: ფინეთი - საქართველო 83:90
2024 წლის 24 ნოემბერი: საქართველო - ფინეთი 81:64
ევრობასკეტზე გუნდების საშუალო მაჩვენებლები
ქულა: ფინეთი 86.3 - საქართველო 74.5
მოხსნა: ფინეთი 40.8 - საქართველო 36.2
პასი: ფინეთი 22.8 - საქართველო 16.8
ორქულიანები: ფინეთი 49.8% - საქართველო 52.9%
სამქულიანები: ფინეთი 35.2% - საქართველო 33.1%
ჯარიმები: ფინეთი 75.4% - საქართველო 72.6%