იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ უმძიმეს, წარმოუდგენელ დრამაში.
ჯენარო გატუზოს „სკუადრა აძურაში“ სამი დღის წინ ესტონეთთან წარმატებული დებიუტი ჰქონდა (5:0), მაგრამ ამჯერად მას ისრაელთან საგარეო მატჩში ბევრი ნერვიულობა მოუწია.
იტალიამ 5:4 მოიგო! ანგარიში ხომ ფეხბურთისთვის იშვიათია, მაგრამ კიდევ უფრო უცნაურია თამაშის სცენარი.
ისრაელი მე-16 წუთზე მანუელ ლოკატელის ავტოგოლით დაწინაურდა. ლოკატელის შეცდომის გამოსწორება მალევე შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმა ხარიხას მოხვდა. ტაიმის მიწურულს მოიზე კინის გოლით სტუმრებმა მაინც გაათანაბრეს და ტაიმი ასე დასრულდა.
მეორე ნახევარი საოცარი გამოდგა. 52-ე წუთზე ისრაელი პერეტცმა მეორედ დააწინაურა. გატუზოს გუნდი კრიტიკულ სიტუაციაში იყო, მაგრამ ორ წუთში გაათანაბრა - კინმა დუბლი შეასრულა. გავიდა კიდევ ხუთი წუთი და იტალია მატეო პოლიტანოს გოლით დაწინაურდა. ამის შემდეგ თამაში დამშვიდდა, ხოლო 81-ე წუთზე „აძურიმ“ უპირატესობა ჯაკომო რასპადორის გოლით გაზარდა (2:4).
თითქოს, ყველაფერი გადაწყდა, მაგრამ არა! 87-ე წუთზე იტალიამ მეორე ავტოგოლი გაიტანა, ამჯერად ალესანდრო ბასტონიმ დალაშქრა თავისი გუნდის კარი. ორი წუთის შემდეგ პერეტცმა დუბლი შეასრულა და ანგარიში 4:4 გახადა...
იტალია ამჯერად გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა, ისედაც მძიმედ აქვს სატურნირო მდგომარეობა და ორ წუთში განიავებული ორბურთიანი უპირატესობა დიდი დარტყმა იყო. თუმცა, მეოთხე გაშვებული გოლიდან ორ წუთში სანდრო ტონალიმ შორი მანძილიდან დაარტყა და 4:5...
იტალიის ნაკრებმა მოიგო, მაგრამ უმძიმეს ბრძოლაში, უჩვეულო სცენარით. შედეგად, გატუზოს გუნდს 9 ქულა აქვს და სამი ქულით ჩამორჩება ლიდერ ნორვეგიას, რომელთანაც სტუმრად 0:3 აქვს წაგებული, უპირატესი ბურთების ბალანსია, მაგრამ ნორვეგიას ამ მხრივ საკმაო უპირატესობა გააჩნია... იტალია მომდევნო მატჩს 11 ოქტომბერს, ესტონეთთან სტუმრად გამართავს.
ისრაელი - იტალია 4:5 (1:1)
გოლები: 1:0 ლოკატელი (16, ა.გ), 1:1 კინი (40), 2:1 პერეტცი (52), 2:2 კინი (54), 2:3 პოლიტანო (59), 2:4 რასპადორი (81), 3:4 ბასტონი (87, ა.გ), 4:4 პერეტცი (89), 4:5 ტონალი (90)
1. | ნორვეგია | 4 | 4 | 0 | 0 | 13 | 2 | 11 | 12 |
2. | იტალია | 4 | 3 | 0 | 1 | 12 | 7 | 5 | 9 |
3. | ისრაელი | 5 | 3 | 0 | 2 | 15 | 11 | 4 | 9 |
4. | ესტონეთი | 5 | 1 | 0 | 4 | 5 | 13 | -8 | 3 |
5. | მოლდოვა | 4 | 0 | 0 | 4 | 2 | 14 | -12 | 0 |