ქართლოსი ჭუმბურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მინი-ფეხბურთის ტურნირი ზედა სიმონეთის ტრიუმფით დასრულდა. ტრადიციული გათამაშება, რომელიც უკვე მე-11 წელია ტარდება, წელს პირველად ახალი სტადიონის მოედანზე გაიმართა და ათი დღის განმავლობაში 10 გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს.
დრამატულ ფინალში ზედა სიმონეთისა და ნახშირღელეს გუნდების დაპირისპირებავიხილეთ. მატჩს, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა თამაშის მსვლელობის დროს არაერთხელ გამოჩნდა. იყო დაძაბული მომენტებიც, რის გამოც შეხვედრის მთავარმა მსაჯმა 4 წითელი ბარათი გამოიყენა და გუნდები მოედანზე 5-5 მოთამაშით დატოვა.
პირველ ტაიმში ზედა სიმონეთის გუნდი უკეთ გამოიყურებოდა და მეტოქეს 2 გოლი გაუტანა, თუმცა ნახშირლელეს მოთამაშეებმა მეორე ნახევარში წონასწორობა აღადგინეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ზედა სიმონეთი მეორე ტაიმში მეკარის გარეშე დარჩა. 20-20 წუთიანი ტაიმის შემდეგ, ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც უფრო ზუსტი ზედა სიმონეთის ფეხბურთელები აღმოჩნდნენ და თასიც მათ დარჩათ.
გაძევებული მეკარე, რომელიც შემდგომ ტურნირის საუკეთესო კიპერად დასახელდა, მოთამაშემ ჩინებულად შეცვალა, რადგან სწორედ მისმა სეივმა გადაწყვიტა ჩემპიონის ბედიც.
გამარჯვებულებს სიმბოლური თასი ქართლოს ჭუმბურიძის შვილმა - კახა ჭუმბურიძემ და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა - მანუჩარ რობაქიძემ გადასცეს. ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ – ნიკა ვერულაშვილი დასახელდა, რომელმაც გუნდის წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
ტურნირის ფარგლებში სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ:
-
საუკეთესო ახალგაზრდა – ლუკა აბჟანდაძე (ზედა სიმონეთი)
-
მაყურებელთა სიმპატია – დავით კავაძე (სათემ, ბარდუბანი)
-
საუკეთესო მეკარე – ლევან ბიწაძე (სიმონეთი)
-
საუკეთესო მცველი – ბექა ვირსალაძე (ნახშირღელე)
-
საუკეთესო ნახევარმცველი – კობა ხუჯაძე
-
საუკეთესო თავდამსხმელი – გიორგი ლანჩავა
-
ბომბარდირი – ვახტანგ ფუტკარაძე (სათემო) – 15 გოლი
-
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი – ნიკა ვერულაშვილი (ზედა სიმონეთი)
გუნდური ჩათვლით:
მესამე ადგილი – სათემო
მეორე ადგილი – ნახშირღელე
ჩემპიონი – ზედა სიმონეთი
ახალ სტადიონზე გამართულ ტურნირს არაერთი სპეციალური სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან, ასევე იმერეთის ფედერაციიდან. მატჩზე იმყოფებოდა უეფას მედია ოფიცერი მამუკა კვარაცხელია. ჩემპიონატმა უამრავი გულშემატკივრის ფონზე ჩაიარა. გამოსარჩევია ფინალური დღე. მსგავსი პროექტები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სპორტული ღონისძიებების მნიშვნელობას და ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.