მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში სომხეთის ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა.
მასპინძლები პირველი ტაიმის ბოლოს ედუარდ სპერციანის პენალტით დაწინაურდნენ, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში გრანტ-ლეონ რანოსმა სხვაობა გაზარდა. კელტებმა ამას ევან ფერგიუსონის პრესტიჟის გოლით უპასუხეს, მაგრამ მეტი ვერ შეძლეს და სომხეთმა 2:1 მოიგო.
სომხეთის ნაკრებს ორ ტურში 3 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 11 ოქტომბერს, უნგრეთს ესტუმრება, ხოლო ირლანდიის აქტივში ერთი ქულაა და პორტუგალიას გასვლაზე შეხვდება.
აზერბაიჯანის ნაკრებს ფერნანდუ სანტუშის ხელმძღვანელობით ბოლო 11 მატჩი ვერ მოეგო (2 ფრე, 9 წაგება), რის გამოც გამოცდილი პორტუგალიელი უკრაინასთან მატჩის წინ გაათავისუფლეს. აზერბაიჯანს დროებით აიხან აბასოვმა უხელმძღვანელა და შედეგსაც მიაღწია - ფრე უკრაინასთან.
უკრაინის ნაკრები 51-ე წუთზე გეორგი სუდაკოვის გოლით დაწინაურდა, რასაც ოც წუთში ემილ მაჰმუდოვმა პენალტით უპასუხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.
უკრაინას და აზერბაიჯანს ორი ტურის შემდეგ თითო ქულა აქვთ. მომდევნო ტურში 10 ოქტომბერს, უკრაინა ისლანდიას ესტუმრება, ხოლო აზერბაიჯანი - საფრანგეთს.