ფეხბურთი

23:00 | 9.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "ლოგიკურია, რომ ამბიცია გაიზარდა, ამიტომ, პირველ რიგში მე ვარ უკმაყოფილო"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრის (1:1) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

ქართველმა სპეციალისტმა თქვა, რომ ამ გუნდს დრო სჭირდება და მომავალში გამოჩნდება, რა არის მათი მაქსიმუმი:

„ვცდილობთ, რომ ფეხბურთელებთან მივიტანოთ ჩვენი დავალებები და გუნდის მენტალური მხარე, რათა რაც შეიძლება მალე გუნდი შეთამაშდეს და რაც მთავარია, სწრაფად შეიძინოს ხასიათი. დღევანდელი თამაშის ტაქტიკურ-ტექნიკური მხარის განხილვას არც დავიწყებ, შეთამაშების პრობლემა რომ გვექნებოდა, ეს ჩვენთვის ისედაც ნათელი იყო. რაც შეეხება, მოედანზე მენტალობას და ხასიათს, ამაზე ბიჭებთანაც მქონდა საუბარი და ამაზე მაქვს ძალიან პრეტენზია, რადგან ხასიათი და საქმისადმი სწორი მიდგომა გვჭირდება, ლიდერი, რომელიც მოედანზე გამოჩნდება და დღეს ამის პრობლემა იყო. ამ მხრივ, ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო, ისევე, როგორც ზოგადად, რადგან ჩვენი პირველი შეკრება იყო. გვაქვს ამბიცია, რომ შევკრათ ისეთი გუნდი, რომელიც ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ იბრძოლებს და მაქსიმუმს გაიღებს. თაობები რა თქმა უნდა, ერთმანეთს არ გავს, ყველას აქვს თავისი პლუს-მინუსები, მაგრამ ჩვენი მიზანია მაქსიმუმი მივიღოთ ამ თაობისგან, რომლისგანაც ჯერ მაქსიმუმი არ გვინახავს და იმედი მაქვს, მომავალში უფრო დავლაგდებით და მაქსიმუმს ვაჩვენებთ.

არ ვგულისხმობ, რომ დღეს ვინმემ მაქსიმუმი არ გაიღო მოედანზე, არამედ ვგულისხმობ გუნდურ სულისკვეთებას, რომელიც საჭიროა ასეთი მატჩების მოსაგებად. დრო დაგვჭირდება, რამდენიმე შეკრება და დარწმუნებული ვარ, გუნდი სრულყოფილ სახეს მიიღებს მეორე წრის დასაწყისიდან. რამდენიმე ასპექტზე ერთდროულად გვიწევს მუშაობა და ყველაფერი გაკეთდება. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ბევრისთვის ამ დონეზე პირველი მატჩი იყო და ამითაც იყო განპირობებული სირთულეები. თუმცა, გვახსოვს ძველი თაობებიც, სადაც თავიდან არ იყო ყველაფერი დალაგებული და ამიტომ, ეს დროის საკითხია. რაც უფრო მალე მოვახერხებთ ამას, მით უფრო კარგი ყველასთვის.

ფეხბურთელების საკმაოდ დიდი ჯგუფია, რომელსაც პრობლემები აქვს თამაშის ინტენსივობასთან და დღეს ეს ყველამ ვნახეთ. ვნახეთ, რომ ჩრდილოეთირლანდიელ ფეხბურთელებს ამ მხრივ არ ჰქონიათ პრობლემა, დავინახეთ მათი მოძრაობა, ინტენსივობა, საერთოდ არ დაგვიტოვეს თავისუფალი სივრცე, ამიტომაც გაგვიჭირდა თამაში, ამ დონეზე რეალურად სხვა ტემპია, სხვა ინტენსივობაა. ფეხბურთელებმა ამაზე აქცენტი კლუბებში უნდა გააკეთონ, რადგან ნაკრებში ამის მოგვარება შეუძლებელია იმდენად ცოტა დროა შეკრებაზე სამუშაოდ.

ვიმეორებ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ კონკურენტუნარიანი გუნდი. დღეს პირველ რიგში, მე ვარ უკმაყოფილო, რადგან ლოგიკურია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ ორჯერ თამაშის შემდეგ ამბიცია გაზრდილია. გვინდა მაქსიმუმი გავიღოთ, ხოლო ამ თაობის მაქსიმუმი რა იქნება, ამ ყველაფერზე თამამად საუბარს ოქტომბრის სანაკრებო შეკრების შემდეგ შევძლებ“, - თქვა სვანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მომდევნო მატჩებს ოქტომბერს ჩაატარებს: 10 ოქტომბერს, ლატვიას ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს - მალტას.

საკვალიფიკაციო ეტაპზე ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის 14 საგზური გათამაშდება - 9 ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ გავა, ასევე, საუკეთესო მეორე ადგილოსანი, ხოლო დანარჩენი 8 მეორეადგილოსანი პლეი-ოფში ოთხ წყვილს შექმნის და ოთხი გამარჯვებულიც ფინალურ ეტაპზე გავა. ევროპის ჩემპიონატი 2027 წლის ზაფხულში ალბანეთსა და სერბეთში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096509