ფეხბურთი

0:05 | 10.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ფეხბურთელები: "კარგი გუნდი გვყავს და მომდევნო მატჩები უკეთესი იქნება"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებმა დაჩი ლორთქიფანიძემ, გაბრიელ სიგუამ და საბა ხარებაშვილმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთეს.

საბა ხარებაშვილი: „პირველი შეკრება იყო, გაცნობით ეტაპზე ვართ, მაგრამ ყველაფერი დალაგდება და მომდევნო მატჩებში აუცილებლად მოვუმატებთ. კონცენტრაცია დაგვაკლდა. ვინაიდან, წინა ორმა თაობამ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, ჩვენი მიზანია, ჩვენც შევძლოთ და მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, რათა ქვეყანა გავახაროთ. აუცილებლად შევთამაშდებით, ყველაფერი კარგად იქნება და ევროპის ჩემპიონატზე გავალთ“.

გაბრიელ სიგუა: „რთული თამაში გამოვიდა, მეტის მოლოდინი გვქონდა ფეხბურთელებს და სტაფს. ახალი შეკრებილები ვართ, რაც დაგვეტყო. თუმცა, ყველაფერი წინაა, არ უნდა გავჩერდეთ და მუშაობა გავაგრძელოთ. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო 3 ქულით დაწყება, მაგრამ ახლა ვერაფერს შევცვლით, უნდა მოვბილიზდეთ შემდეგ თამაშზე, რომ რაც შეიძლება მალე გამოვასწოროთ. რაც შეეხება ჩემს ახალ კლუბს, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან „ბაზელში“ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა მქონდა, ჩემი განვითარებისთვის მეტი თამაში მჭირდება და გადავედი ისეთ გუნდში, სადაც მეტი სათამაშო დრო მექნება. ჯერჯერობით, ყველაფერი ნორმალურადაა და იმედია, ასე გაგრძელდება“.

დაჩი ლორთქიფანიძე: „ზუსტად ვერ გეტყვი რა იყო მიზეზი, მაგრამ ჩემი აზრით, რაღაც მომენტში კონცენტრაცია დავკარგეთ. პირველი შეკრება იყო, ახალი გუნდია, შეთამაშება გვჭირდება, ვიცი, რომ მომდევნო მატჩებს უკეთესად ვითამაშებთ და ჩვენს შესაძლებლობებს გამოვავლენთ. ძალიან მიხარია, რომ ნაკრებში პირველი ოფიციალური მატჩი ვითამაშე. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ, ჩემი აზრით, შედეგი სამართლიანი არაა, მეტი მომენტი შევქმენით, ბურთი თითქმის სულ ჩვენ გვქონდა. ნელ-ნელა დროთა განმავლობაში დავხვეწავთ, კარგი გუნდი გვყავს და ვიცი, რომ ყოველი მომდევნო მატჩი უკეთესი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მომდევნო მატჩებს ოქტომბერს ჩაატარებს: 10 ოქტომბერს, ლატვიას ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს - მალტას.

საკვალიფიკაციო ეტაპზე ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის 14 საგზური გათამაშდება - 9 ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ გავა, ასევე, საუკეთესო მეორე ადგილოსანი, ხოლო დანარჩენი 8 მეორეადგილოსანი პლეი-ოფში ოთხ წყვილს შექმნის და ოთხი გამარჯვებულიც ფინალურ ეტაპზე გავა. ევროპის ჩემპიონატი 2027 წლის ზაფხულში ალბანეთსა და სერბეთში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091728