საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ფინეთის ნაკრებთან მარცხის (79:93) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ის ამაყობს თავისი გუნდით, მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრაში თამაშის ხარისხით კმაყოფილი არაა:
„მათ თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, რომელიც შეინარჩუნეს. უნდა ვიამაყოთ იმით, რომ მეოთხედფინალამდე მივედით. საერთოდ არ მიჭირს ქართველებთან ერთად მუშაობა, საერთოდ არ მიჭირს, გულწრფელად, არც ერთი წამით. და ამით უზომოდ ვამაყობ. უზომოდ ვამაყობ, იმით, რაც მათ გააკეთეს, რადგან მხოლოდ ჩვენ ვიცით, რა სახის პრობლემები გვქონდა. თქვენ ეს არ იცით, რადგან დავიბადეთ და გავიზარდეთ ისე, რომ პრობლემებზე საუბარი არ გვიყვარს.
ჩვენი პირველი მიზანი იყო ევროპის ჩემპიონატზე გასვლა - ეს შევძელით. მეორე მიზანი იყო რიგაში (მერვედფინალში) გასვლა და ესეც შევძელით. შემდეგ გავიმარჯვეთ მერვედფინალში და ვფიქრობ, ზოგ მომენტში ფინეთისთვისაც რთული მეტოქე ვიყავით. ასე რომ, თქვენ მითხარით, უნდა ვიყო კმაყოფილი? მე ვამაყობ. კმაყოფილი ვარ? ეს სხვა საკითხია. როგორც თოკომ თქვა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეგვეძლო უკეთესად გვეთამაშა, მაგრამ ვამაყობ და ეს ორი სხვადასხვა რამეა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა? ამ წუთისთვის ამაზე არაფერი შემიძლია გითხრათ, რადგან ჩვენს გუნდში არის ორი მოთამაშე NBA-დან, ორი მოთამაშე ევროლიგიდან და ზოგიერთი ევროთასზე თამაშობს. ასე რომ, ყველაფერი დამოკიდებულია შემადგენლობაზე. მაქსიმუმს ვეცდებით, მაგრამ კონკრეტულად ვერაფერს დაგპირდებით, რადგან მე ვარ ადამიანი, რომელსაც დაპირებების მიცემა არ უყვარს, ვიმუშავებთ და ვიბრძოლებთ. ზოგჯერ პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საბოლოო შედეგი. ამიტომაც ვარ უზომოდ ამაყი იმით, რაც აქ გავაკეთეთ“, - თქვა ჯიკიჩმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 79:93 დამარცხდა და ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა.
საქართველოს ნაკრებისთვის ეს მაინც ისტორიული შედეგია, რადგან ისტორიაში პირველად ითამაშა მეოთხედფინალში. ჯიკიჩის გუნდმა 7-დან 3 მატჩი მოიგო: მოქმედი ევროპის ჩემპიონის ესპანეთის, მოქმედი ევროპის ვიცე-ჩემპიონის საფრანგეთისა და მასპინძელი კვიპროსის წინააღმდეგ, ხოლო 4 შეხვედრა წააგო იტალიის, საბერძნეთის, ბოსნიისა და ფინეთის წინააღმდეგ.