ფინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლასი ტუოვიმ და კალათბურთელმა მიკაელ იანტუნენმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების (93:79) შემდეგ ისაუბრეს.
ლასი ტუოვი: „ფინეთში ვოცნებობდით. უნდა ვამაყობდეთ იმ სამუშაოთი, რაც წლების განმავლობაში შესრულდა. ყველასთვის, ვინც წლების განმავლობაში იმუშავა ამის შესაქმნელად, ძალიან ბედნიერი ვარ. ამავდროულად, რა თქმა უნდა, იმ 12 მოთამაშით და პერსონალით, ძალიან ვამაყობ. სწორედ ისინი იღებენ ახლა ამ შესაძლებლობას, რომ შეიგრძნონ ეს დიდი მიღწევა. მათ ეს ნამდვილად ეკუთვნით. ასე რომ, ბედნიერი ვარ.
ვფიქრობ, რომ პირველი ნახევარი იყო ზუსტად ისეთი, როგორიც გვინდოდა ყოფილიყო თამაში, რადგან გვსურდა ტემპის შენარჩუნება და დროც ჩვენთვის მუშაობდა. ვიცოდით, რომ ისინი ძალიან აგრესიულად შეტევაზე წამოვიდოდნენ და ეს მართლაც მოხდა მესამე მეოთხედში. ვფიქრობ, საკვანძო იყო ის, რომ მოთამაშეები ფსიქოლოგიურად მზად იყვნენ იმისთვის, რომ ეს მოხდებოდა. სიმშვიდე შევინარჩუნეთ, არ მინახავს, რომ ვინმეს თავი დაეხარა ან დაედანაშაულებინათ იმაში, რომ საქართველო სხვაობას ამცირებდა. ტაიმაუტებიც დაგვეხმარა, გაგვეკეთებინა ის, რაც კარგად გამოგვდის. ეს იყო მთავარი და არა ერთი კონკრეტული მომენტი, არამედ მოთამაშეების გულმოდგინება და მენტალობა.
ჩვენი მაქსიმუმი? ამაზე ჯერ არ გვისაუბრია, მაგრამ ძალიან აღფრთოვანებული ვარ, რომ ამ გუნდთან ერთად ასეთ მატჩებს ვითამშებთ. პარასკევს კიდევ უფრო საინტერესო იქნება. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდეთ“.
მიკაელ იანტუნენი: „როდესაც მზადება დაიწყო, დავგეგმეთ, რომ წინა ევრობასკეტის შედეგის გაუმჯობესება. სწორედ ამაზე ვმუშაობდით ყოველდღე. ძალიან ვამაყობ, რომ ამ ჯგუფის ნაწილი ვარ და იმ შედეგებით, რასაც აქამდე მივაღწიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ მეტი ისტორიის დაწერა შეგვიძლია. პარასკევს ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში გველის. დიახ, ისტორიის დაწერა კარგი შეგრძნებაა, მაგრამ გვსურს, რომ გავაგრძელოთ. ბედნიერები ვართ, მაგრამ ამავე დროს უბრალოდ მეტის მიღწევის სურვილი გვაქვს“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 79:93 დამარცხდა და ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა.
საქართველოს ნაკრებისთვის ეს მაინც ისტორიული შედეგია, რადგან ისტორიაში პირველად ითამაშა მეოთხედფინალში. ჯიკიჩის გუნდმა 7-დან 3 მატჩი მოიგო: მოქმედი ევროპის ჩემპიონის ესპანეთის, მოქმედი ევროპის ვიცე-ჩემპიონის საფრანგეთისა და მასპინძელი კვიპროსის წინააღმდეგ, ხოლო 4 შეხვედრა წააგო იტალიის, საბერძნეთის, ბოსნიისა და ფინეთის წინააღმდეგ.