როგორც მოსალოდნელი იყო, ბუნდესლიგის მე-3 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში, „ბაიერნმა“ „ჰამბურგს“ თავის „ალიანც არენაზე“ შანსი არ დაუტოვა. სანაკრებო შესვენებას მიუნხენურ გუნდზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. ისე თამაშობდნენ, თითქოს პაუზა არ ყოფილა. კომპანის შეგირდებმა პირველ ტაიმში ოთხჯერ გაიტანეს გოლი, ხოლო მეორეში კიდევ ერთხელ. კეინმა დუბლი შეასრულა (პენალტით და თამაშიდანაც შეაგდო), გაიტანეს გნაბრიმ, პავლოვიჩმა და დიასმაც.
ჰამბურგელთა შემადგელობაში დისკვალიფიცირებულ გიორგი გოჩოლეიშვილს არ უთამაშია. ის წინა ტურში, „ზანქტ-პაულისთან“ ჰამბურგულ დერბიში გააძევეს.
ახლა „ბაიერნს“ სამი ტურის შემდეგ მაქსიმალური 9 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. 1-ქულიანი "ჰამბურგი" კი ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა.
გერმანია. ბუნდესლიგა. მე-3 ტური. 13 სექტემბერი: ჰაიდენჰაიმი - დორტმუნდი 0:2, ფრაიბურგი - შტუტგარტი 3:1, მაინცი - ლაიფციგი 0:1, უნიონ ბერლინი - ჰოფენჰაიმი 2:4, ვოლფსბურგი - კიოლნი 3:3, ბაიერნი - ჰამბურგი 5:0