რაგბი

13:48 | 14.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | აია 41:12 ყაზბეგი

ქუთაისის ‘აიამ’ crocobet დიდი 10-ის მეორე ტურში სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ პრობლემების გარეშე, 41:12 სძლია და სამით მეტი ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც ჩაიწერა.

ვიცე-ჩემპიონმა ამ მოგებით „სარბიელის სინი“ შეინარჩუნა, 5 საცხრილო ქულა ჩაიწერა და ‘ბათუმს’ გაუტოლდა. ‘ყაზბეგმა’ ახალი სეზონის სტარტზე მეორე მატჩი დათმო და ჯერჯერობით უქულოდაა.

„აია არენაზე“ თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო და უკვე მე-5 წუთზე პაატა ჩაკვეტაძემ ლელოთი გახსნა ანგარიში, ხოლო ელგუჯა მახარეიშვილმა გარდასახა. მომდევნო 7 წუთში სტუმრები ორჯერ დაჯარიმდნენ და მახარეიშვილმა დაახლოებით 35-40 მეტრიდან ორივე დარტყმა ზუსტად შეასრულა. ამასთან, მე-12 წუთზე მათე ჩქარეული ყვითელი ბარათითაც დაისაჯა.

კაცნაკლულმა ‘ყაზბეგმა’ ტაიმის შუაში კარგი შესატევი პლაცდარმი მიიღო, ლელოდან 5-მეტრში მეტოქე შერკინებაში დააჯარიმა, ლუკა სახელაშვილმა ბურთი სწრაფადგაათამაშა და საპასუხო ლელო ოთარ ტალახაძემ გარდასახა. ‘აიამ’ სწრაფად დაიბრუნა ინიციატივა, დერეფნიდან მოლი ააგორა და გიგი ჭუმბურიძემ 26-ე წუთზე თავისი პირველი ლელო გაიტანა, 35-ე წუთზე კი მეტოქის ცუდი თამაშით ისარგებლა, დერეფნიდან მოწოდებულ ბურთს დაეუფლა და დუბლი მიითვალა. მახარეიშვილმა ორივე გარდასახვა გამოიყენა - 27:7.

მეორე ტაიმი 8 წუთის დაწყებული იყო როდესაც მასპინძლებმა ლამაზი კომბინაციით მორიგი ლელო მიითვალეს. გივი კაშიამ დერეფნის შემდეგ ლუკა ნარსიას მაღალ სისწრაფეზე სუფთად გააჭრევინა ხაზი, მას კარგად მიყვა მახარეიშვილი, რომელმაც საკუთარი ლელო გარდასახა და 100%-იანი მაჩვენებელი შეინარჩუნა. მომდევნო 10 წუთში ‘ყაზბეგის’ ორი მოთამაშე სინბინით დაისაჯა (ვატისონი ვანგანისარავი და ლუკა ჩქარეული) და გარკვეული დროით მოედანზე 13 კაცით დარჩა, მაგრამ ‘აიამ’ ამით ვერ ისარგებლა.

კაცნაკლულმა ‘ყაზბეგმა’ კი მეორე ტაიმის შუაში კიდევ ერთი ლელო გაიტანა. გიორგი ხუროშვილმა გადაცემა თავის 22-ში ჩაჭრა, კონტრშეტევა წამოიწყო, გზად მბოჭავი კონტაქტით ჩამოიშორა და ლელომდე 90 მეტრი ირბინა. ქუთაისელებმა ბონუს-ქულა 72-ე წუთზე, დავით ვარდანიძის მიერ გატანილი ლელოთი დაიბრუნეს, თემურ ძოძუაშვილმა კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 41:12.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლუკა ნარსია გახდა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091539