ქუთაისის ‘არესმა’ crocobet დიდი 10-ის მეორე ტურში დებიუტანტ ‘არესს’ 6 ლელო გაუტანა, 41:7 გამარჯვებასთან ერთად ბონუს-ქულაც მოიპოვა და სატურნირო ცხრილში ‘აიასა’ და ‘ბათუმს’ გაუტოლდა (9-9 ქულა).
„ავჭალაზე“ თამაში თავსხმა წვიმაში დაიწყო და დებიუტშივე დავით იმნაძე სინბინით დაისაჯა. ‘არესმა’ ამით კარგად ისარგებლა და 8 წუთში ორი ლელო გაიტანა. დერეფნიდან მოლით შეტევისა და რამდენიმე დარტყმის შემდეგ მიზანს ირაკლი თევზაძემ უწია. მე-11 წუთზე სტუმრებმა კარგი გარღვევა განახორციელეს, ბურთი მარცხენა ფრთაზე ჩაათამაშეს და იაგო ხაბულიანმა მეორე ლელო გაიტანა. სანდრო ფურცხვანიძემ ორივე გარდასახა.
რამდენიმე წუთში რანი ფხალაძემ შესანიშნავი დარტყმა განახორციელა და 50/22-ზე გაახერხა, ფურცხვანიძემ დერეფნიდან ბურთი სწრაფად შემოაგდო და ლელო ზურა ძნელაძემ გაიტანა. ტაიმის შუაში ფხალაძის ფეხით გადაკიდებულ ბურთს ელგუჯა მარგველაშვილი მიყვა და 20 წუთის შემდეგ ანგარიში 26:0 გახდა. ფურცხვანიძეს ბოლო გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა მერე ჯარიმით მონაგარს 3 ქულა შემატა.
მეორე ტაიმი ‘წიქარამ’ უკეთ ჩაატარა და 56-ე წუთზე კობა ბუჯიაშვილმა ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ საპასუხო ლელო გაიტანა, რომელიც დავით იმნაძემ გარდასახა. ‘არესმა’ ბონუსის დაკარგვის საფრთხე იგრძნო, გააქტიურდა და ჯერ ცოტნე კვესელავას კარგი გარღვევის შემდეგ ლელო სანდრო ფურცხვანიძემ გაიტანა, 65-ე წუთზე კი მარგველაშილმა დუბლი შეასრულა და ფურცხვანიძემ გარდასახვით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 7:41.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ‘არესის’ ბურჯი რეზი ბაკურაძე დასახელდა.
RUGBY.GE