„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლანსთან“ მატჩის (2:0) შემდეგ ისაუბრა.
მან კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიას, კან-ინ ლისა და ლუკას ბერალდოს ტრავმებზე, რომლებიც ხსენებულ შეხვედრაში დაშავდნენ. ესპანელმა აღნიშნა, რომ ჯერ ინფორმაცია არ აქვს და სამედიცინო შემოწმების პასუხებს უნდა დაელოდონ.
„არ ვიცი, უნდა დაველოდოთ სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარებული ტესტების შედეგებს. ჯერ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს.
ყველასთვის საყვარელი ტურნირი, ჩემპიონთა ლიგა ახლოვდება. ჩვენთვის ცოტა რთული პერიოდია, რადგან რამდენიმე ტრავმირებული გვყავს. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ სამივე ფეხბურთელის ტესტის შედეგები. ვიცით ჩვენი ადაპტაციის უნარი და უნდა მოვიფიქროთ, როგორ ვუპასუხოთ გუნდურად. მშვიდად ვარ და იმედი მაქვს, რომ ამას გადავლახავთ. სიტუაციას უნდა შევეგუოთ, ეს უმაღლესი დონის ფეხბურთია. გვინდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი გულშემატკივარი კვლავ გავახაროთ. იმედი მაქვს, ოთხშაბათი კარგი დღე იქნება.
სხვადასხვა ვარიანტი მაქვს. ახლა არ არის იმის დრო, რომ ვთქვა, ვინ ითამაშებს. მე მთელ გუნდს ვენდობი. ბევრი მოთამაშე გვყავს, რომლებსაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლიათ თამაში. ეს დადებითი შესაძლებლობაა. ამას უნდა შევეგუოთ და ვეცადოთ გუნდის გაუმჯობესებას“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ერთი მატჩი ტრავმის გამო უკვე გამოტოვა. მას ოთხ მატჩში შედეგიანი მოქმედება არ აქვს. „პარი სენ-ჟერმენი“ ოთხი ტურის შემდეგ უდანაკარგოა და 12 ქულით ლიდერია, ხოლო მომდევნო ტურში 21 სექტემბერს, „მარსელს“ ესტუმრება, თუმცა მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე 17 სექტემბერს, „ატალანტას“ უმასპინძლებს.