კალათბურთი

23:52 | 14.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიაში მეორედ: გერმანია ევროპის ჩემპიონია

გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ფინალში გერმანელებმა თურქეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 88:83 დაამარცხეს.

თურქეთმა თამაში კარგად დაიწყო და 13:2 გაიქცა, მაგრამ ამის შემდეგ გერმანიამ თამაში გამოასწორა, პირველი პერიოდის მოგებაც მოახერხა (24:22). მეორე მეოთხედში უკვე თურქეთმა აჯობა მეტოქეს და დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

თუმცა, მეორე ტაიმი გერმანიის ნაკრების იყო, რომელმაც ბოლო მეოთხედის წინ ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა, ხოლო დასკვნით პერიოდში მეტოქეს 8 ქულით აჯობა. იდეალურად არ უთამაშია დენის შრიოდერს, მაგრამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, რადგან 82:83-ზე ზედიზედ 6 ქულა აიღო, რამაც მისი გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანა.

გერმანიის ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ისააკ ბონგა იყო 20 ქულით, 18 ქულა შესძინა თავის გუნდს ფრანც ვაგნერმა, 16 დენის შრიოდერმა, ხოლო 13 ტრისტან და სილვამ. თურქეთის ნაკრებში ალფერენ შენგუნი 28 ქულით გამოირჩა, ჯედი ოსმანს 23 ქულა ჰქონდა, ხოლო შეინ ლარკინს 13 და ადემ ბონას - 12.

გერმანიის ნაკრები 1993 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ახლა ეს გუნდი მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონია.

ევრობასკეტზე თურქეთი ვერცხლის მედალს დასჯერდა, ისე, როგორც 2001 წელს, ხოლო ბრინჯაო საბერძნეთმა მოიპოვა. ეს ევროპის ჩემპიონატი ისტორიული იყო საქართველოს ნაკრებისთვისაც, რომელმაც ისტორიაში პირველად მეოთხედფინალში გასვლა შეძლო.

ტურნირის MVP დენის შრიოდერი გახდა, ხოლო სიმბოლური ხუთეული ასეთია: დენის შრიოდერი (გერმანია), ალფერენ შენგუნი (თურქეთი), იანის ანტეტონკუმპო (საბერძნეთი), ფრანც ვაგნერი (გერმანია), ლუკა დონჩიჩი (სლოვენია).

თურქეთი - გერმანია 83:88 (22:24, 24:16, 21:26, 16:22)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096449