პორტუგალიის ჩემპიონატის მეხუთე ტურში "ეშტორილმა" "ავეშ სადი" 3:1 დაამარცხა, ხოლო ნოდარ ლომინაძემ პორტუგალიურ კარიერაში სადებიუტო გოლი გაიტანა(გოლის ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე).
ქართველმა ფეხბურთელმა მე-12 წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში გახსნა. ის მოედანზე 72-ე წუთამდე იყო და მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.
ნოდარ ლომინაძეს თამაში გამოარჩია ცნობილმა სტატისტიკის საიტმა Sofascore-მა, რომელმაც ქართველს 8.0 შეფასება დაუწერა და ტურის სიმბოლურ თერთმეტეულში შეიყვანა.
შეგახსენებთ, რომ ლომინაძე "ეშტორილში" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ივლისამდე აკავშირებს.
„ეშტორილმა“ სეზონში პირველად მოიგო და 5 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 21 სექტემბერს, „ჟილ ვისენტეს“ ესტუმრება.