ოთხი ტურის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგაში "ვესტ ჰემს" მხოლოდ ერთი მოგება აქვს და სამი ქულით ცხრილის მე-18 ადგილზე იმყოფება. როგორც ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, "ჩაქუჩები" მთავარი მწვრთნელის გრემ პოტერის განთავისუფლებას სერიოზულად განიხილავენ და შესაძლოა ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდეს.
როგორც BBC-ი იტყობინება, "ვესტ ჰემის" ხელმძღვანელობას ახალი მწვრთნელის ძიება უკვე დაწყებული აქვს და მთავარ კანდიდატად "ნოტინგემ ფორესტის" ყოფილი მწვრთნელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ სახელდება, რომელიც სულ ახლახან გაათავისუფლეს. პორტუგალიელის ადგილი ენჯ პოსტეკოღლუ დაიკავა.
ცნობისთვის, გრემ პოტერმა "ვესტ ჰემი" 2025 წლის დასაწყისში ჩაიბარა და კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 50 წლის სპეციალისტს კარიერის განმავლობაში "სუონსში", "ბრაიტონსა" და "ჩელსიში" უმუშავია.