„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ტოტენჰემთან“ მატჩის წინ ისაუბრა.
ესპანელი სპეციალისტი ძალიან რთულ თამაშს ელოდება და მეტოქის ძლიერი მხარეები გამოარჩია:
„ძალიან რთული თამაში იქნება, რადგან „ტოტენჰემი“ შესანიშნავი გუნდია, რომელმაც ზაფხულში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა. ინტენსიური გუნდია, რომელიც ძლიერ პრესინგს ახორციელებს. ისინი სწრაფები და აგრესიულები არიან. საკუთარ ნახევარზე დიდ საფრთხეს შეგვიქმნიან . მათ ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავთ. საუკეთესო ფორმაში უნდა ვიყოთ, აუცილებელია კონკურენტუნარიანობა. თუ ორივეს შევძლებთ, გამარჯვებასთან ახლოს ვიქნებით.
აქ დიდი ენთუზიაზმით ვართ. ეს მსოფლიოში საუკეთესო საკლუბო შეჯიბრია და სიამაყის წყაროა ყველა ჩვენგანისთვის აქ ყოფნა, ვინც კლუბის ნაწილი ვართ. ეს ასევე ჯილდოა იმ მოთამაშეების შრომისმოყვარეობისთვის, რომლებმაც დაიმსახურეს ამ ტურნირზე თამაშის უფლება. გვინდა, რომ ვისიამოვნოთ ამით. იქ ვართ, სადაც ყველას გვინდა ვიყოთ. ყველა მოთამაშეს და მწვრთნელს სურს ამ შეჯიბრში მონაწილეობა. დავამტკიცეთ, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს.
რა თქმა უნდა, ნახევარფინალში გასვლა გვინდა, მაგრამ იქ მოხვედრა ძალიან რთულია. ყველას გვექნებოდა ეს მიზანი, მაგრამ ეს ჯერ კიდევ შორს არის. ახალი ფორმატი ძალიან მიმზიდველია, უფრო რთული, ვიდრე წინა. ეს ზრდის სირთულეს. ძალიან გვიხარია, რომ ამ შესანიშნავ სტადიონზე ამ შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობთ.
მწვრთნელის საქმეს თავისი სილამაზე აქვს, მაგრამ ყველაზე რთული ძირითადი შემადგენლობის შერჩევა და შეცვლების გაკეთებაა. ამ ტურნირში თამაში, რა თქმა უნდა, უფრო საინტერესოა, ვიდრე ლა ლიგაში, მაგრამ ის, რისი გაკეთებაც ლა ლიგაში შეგვიძლია, ამ ტიპის მატჩებში დაგვეხმარება“, - თქვა მარსელინომ.
შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემისა“ და „ვილიარეალის“ მატჩი 16 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.