„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
მან ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობაზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მხოლოდ მატჩის დღეს გადაწყდება ქართველი ფეხბურთელის მოედანზე გასვლის საკითხი:
„უნდა მოვიცადოთ ვარჯიშის შემდეგ თავს როგორ იგრძნობს“, - თქვა ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე ძალიან მოკლედ.
სამაგიეროდ, უფრო ვრცლად ისაუბრა იტალიურ Sky Sport-თან ინტერვიუში, სადაც აღნიშნა: „არ ვიცით, იქნება თუ არა კვარა ხელმისაწვდომი. წვივის არეში ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო ბოლო მატჩში, ეს ფეხბურთია, კონტაქტური სპორტი და შეიძლება მოხდეს, მაგრამ არ გვიყვარს ფეხბურთელებთნ დაკავშირებით გარისკვა, ხვალ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ფეხბურთელების ჯანმრთელობასთან ფრთხილად უნდა ვიყოთ“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ლიგა 1-ის ბოლო ტურში „ლანსთან“ მატჩში დაშავდა და გუნდთან ერთად ჯერ არ უვარჯიშია, მხოლოდ ინდივიდუალურად. პსჟ-სა და „ატალანტას“ მატჩი 17 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.









