ფეხბურთი

1:49 | 17.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

შოუ ტურინში: "იუვენტუსის" სასწაული დაბრუნება

ტურინის „იუვენტუსმა“ და „დორტმუნდმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში გულშემატკივარს სასწაული შესთავაზეს.

უგოლო და მოსწყენი პირველი ტაიმის შემდეგ, წარმოუდგენელი იყო იმის წარმოდგენა, რაც მოხდა - 8 გოლი და დაუჯერებელი დრმატიზმი.

„იუვენტუსს“ დაახლოებით მსგავსი მატჩი სამი დღის წინაც ჰქონდა „ინტერთან“, როდესაც 2:3-დან 4:3 მოიგო, ხოლო ამჯერად, სამჯერ აგებდა, მათ შორის, მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ორბურთიანი სხვაობითაც, მაგრამ ქულა მაინც მოიპოვა.

„დორტმუნდი“ მეორე ტაიმის დასაწყისში კარიმ ადეიემის გოლით დაწინაურდა, რასაც 10 წუთში ქენან ილდიზმა დიდებული გოლით უპასუხა. ეს გოლი 30 წლის წინ, სწორედ „დორტმუნდთან“ ალექს დელ პიეროს გოლს გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა.

ილდიზის გოლიდან ერთი წუთიც არ იყო გასული, როდესაც ფელიქს ნმეჩამ გერმანელები ისევ დააწინაურა, ხოლო ორ წუთშინ ილდიზის შესანიშნავი პასით დუშან ვლაჰოვიჩი მეკარესთან პირისპირ დარჩა და გაათანაბრა.

შემდეგ „დორტმუნდის“ ჯერი დადგა, რომელმაც იან კოუტოსა და ბენსაბაინის გოლებით 4:2 შეძლო დაწინაურება. ეს უკვე პრაქტიკულად გამარჯვებას ნიშნავდა, მაგრამ ნიკო კოვაჩის გუნდმა ვერ მოახერხა უპირატესობის შენარჩუნება.

მსაჯმა მატჩს 6 წუთი დაამატა და ჯერ მეოთხე კომპენსირებულ წუთზე ვლაჰოვიჩმა დუბლი შეასრულა, ხოლო ბოლო წუთზე სერბმა ფორვარდმა დუბლს ბრწყინვალე საგოლე პასიც დაუმატა და ინგლისელმა მცველმა ლოიდ კელიმ მოახერხა გათანაბრება - 4:4.

ეს მეორე შემთხვევა იყო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, როცა მეორე ტაიმში 8 გოლი გავიდა. პირველად ეს მოხდა „ბაიერნისა“ და „დინამო ზაგრების“ შეხვედრაში.

„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალის“ მეტოქე იქნება.

„იუვენტუსი“ – „დორტმუნდი“ 4:4 (0:0)

გოლები: 0:1 ადეიემი (52), 1:1 ილდიზი (63), 1:2 ნმეჩა (65), 2:2 ვლაჰოვიჩი (67), 2:3 კოუტუ (74), 2:4 ბენსაბაინი (86, პენ), 3:4 ვლაჰოვიჩი (90), 4:4 კელი (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090886