დღეს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "პარი სენ-ჟერმენი" საკუთარ მოედანზე ბერგამოს "ატალანტას" უმასპინძლებს. რამდენიმე წუთის წინ პარიზული კლუბის გვერდმა დღევანდელი მატჩის განაცხადი გამოაქვეყნა, სადაც ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიაც შეიყვანა.
გუშინ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელის საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებდა და როგორც ჩანს, ხვიჩა მწყობრშია და "ატალანტასთან" ითამაშებს.
„არ ვიცით, იქნება თუ არა კვარა ხელმისაწვდომი. წვივის არეში ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო ბოლო მატჩში, ეს ფეხბურთია, კონტაქტური სპორტი და შეიძლება მოხდეს, მაგრამ არ გვიყვარს ფეხბურთელებთნ დაკავშირებით გარისკვა, ხვალ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ფეხბურთელების ჯანმრთელობასთან ფრთხილად უნდა ვიყოთ“. - განაცხადა ენრიკემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია ლიგა 1-ის ბოლო ტურში „ლანსთან“ მატჩში დაშავდა და გუნდთან ერთად ჯერ არ უვარჯიშია, მხოლოდ ინდივიდუალურად. პსჟ-სა და „ატალანტას“ მატჩი 17 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.