„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ტიტულის დაცვა იდეალურად დაიწყო და პირველივე ტურში ბერგამოს „ატალანტა“ გაანადგურა, თანაც, ჩვეული ფეხბურთი ითამაშა, ისეთი, როგორსაც გასულ სეზონში თამაშობდა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ ულამაზესი გოლი გაიტანა.
ქართველის თამაში საეჭვო იყო, მაგრამ მოასწრო გამოჯანმრთელება და მოედანზე პირველივე წუთიდან გავიდა, 75 წუთიც ითამაშა.
პსჟ-ს დეზირე დუე და უსმან დემბელე აკლდა, მაგრამ იტალიურ გუნდს ძალიან აჯობა და პირველივე ტაიმში გადაწყვიტა მატჩის ბედი. თავიდანვე ნათელი გახდა, რომ პარიზელები მოიგებდნენ. მესამე წუთზე მარკინიოსი ფორვარდის პოზიციაზე გაიხსნა და ფაბიან რუისის პასით ანგარიში გახსნა.
პსჟ-ს შემდეგ კიდევ ბევრი მომენტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა, ხოლო 39-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ულამაზესი გოლი გაიტანა. ქართველი დრიბლინგით დაიძრა მეტოქის კარისკენ და საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა. მან მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე კი კარიერაში მეექვსე გოლი გაიტანა.
44-ე წუთზე პსჟ-ს მესამეს გატანაც შეეძლო, მაგრამ ბრედლი ბარკოლამ პენალტი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, მეორე ტაიმის სტარტზე ბარკოლამ საგოლე პასი მიითვალა და ნუნუ მენდეშმა გაიტანა - 3:0. დარჩენილ დროში ლუის ენრიკეს გუნდმა ენერგია დაზოგა, თუმცა მეოთხე გოლი მაინც გაიტანა, რომელიც ბოლო წუთზე გონსალო რამოშის აქტივშია და 4:0.
სხვათა შორის, ლუის ენრიკემ, ისე, როგორც წინა მატჩშიც, ახლაც, პირველ ტაიმში გუნდს ტრიბუნიდან უხელმძღვანელა, მეორე ნახევარში - სათადარიგო სკამიდან.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირზე ხუთ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. "ატალანტასთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად უეფამ ხვიჩა დაასახელა.
„პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო მატჩს 21 სექტემბერს, სტუმრად „მარსელთან“ გამართავს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში 1 ოქტომბერს, „ბარსელონს“ ესტუმრება.
„პარი სენ-ჟერმენი“ – „ატალანტა“ 4:0 (2:0)
გოლები: 1:0 მარკინიოსი (3), 2:0 კვარაცხელია (39), 3:0 მენდეში (51), 4:0 რამოში (90)









