ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური დიდებულად მიმდინარეობს. მორიგი სუპერმატჩი „ენფილდზე“ შედგა, სადაც „ლივერპულმა“ მადრიდის „ატლეტიკო“ დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა.
არნე სლოტის გუნდმა თამაში ბრწყინვალედ დაიწყო, რადგან მეექვსე წუთზე უკვე 2:0-ს იგებდა. ჯერ მოჰამედ სალაჰის პასით ენდრიუ რობერტსონმა გაიტანა, ხოლო შემდეგ თვითონ ეგვიპტელმაც შეაგდო. დიეგო სიმეონეს გუნდი შოკურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ გამოსვლა მოახერხა და ტაიმის ბოლოს მარკოს ლორენტეს გოლით ჩამორჩენა შეამცირა. ესპანელმა ფეხბურთელმა 81-ე წუთზე დუბლიც გაიფორმა - კოშმარული სტარტიდან „ატლეტიკო“ დაბრუნდა და ახლოს იყო ქულის მოპოვებასთან. სხვათა შორის, მარკოს ლორენტემ "ენფილდზე" "ლივერპულთან" დუბლი 2020 წელსაც შეასრულა და 5 წლის შემდეგაც იგივე გააკეთა.
თუმცა, 92-ე წუთზე „ლივერპულმა“ მაინც მოიგო, ვირჯილ ვან დეიკმა გაიტანა გამარჯვების გოლი. სლოტის გუნდისთვის მიმდინარე სეზონში ეს ჩვეული ხელწერაა, თითქმის ყველა მატჩი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გოლით მოიგო. გიორგი მამარდაშვილს ისევ არ უთამაშია, სათადარიგო იყო. მეორე ტურში „ლივერპული“ „გალათასარაის“ ესტუმრება, ხოლო „ატლეტიკო“ „აინტრახტს“ უმასპინძლებს.
მიუნხენის „ბაიერნმა“ გამარჯვებით დაიწყო, შინ ლონდონის „ჩელსის“ 3:1 სძლია. ჩალობას ავტოგოლით და ჰარი კეინის გოლით „რეკორდმაისტერმა“ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა, რასაც კოულ პალმერმა უპასუხა და სხვაობა შეამცირა. თუმცა, მეორე ნახევარში ინგლისელმა კეინმა ინგლისელებს მეორეც გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „ბაიერნი“ მეორე ტურში „პაფოსს“ ესტუმრება, „ჩელსი“ „ბენფიკას“ უმასპინძლებს.
ტურნირი გამარჯვებით დაიწყო შარშანდელმა ფინალისტმა „ინტერმა“, რომელმაც ამსტერდამში „აიაქსს“ მარკუს ტურამის დუბლით ადვილად, 2:0 აჯობა. იტალიური კლუბის მომდევნო მეტოქე პრაღის „სლავია“ იქნება, ხოლო „აიაქსი“ „მარსელს“ ესტუმრება.
„აიაქსი“ – „ინტერი“ 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 ტურამი (42), 0:2 ტურამი (47)
„ბაიერნი“ – „ჩელსი“ 3:1 (2:1)
გოლები: 1:0 ჩალობა (20, ა.გ), 2:0 კეინი (27), 2:1 პალმერი (29), 3:1 კეინი (63)
„ლივერპული“ – „ატლეტიკო“ 3:2 (2:1)
გოლები: 1:0 რობერტსონი (4), 2:0 სალაჰი (6), 2:1 ლორენტე (45), 2:2 ლორენტე (81), 3:2 ვან დეიკი (90)