საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა პლეი-ოფის პირველი მატჩი სლოვაკეთის წინააღმდეგ 4:1 მოიგო.
წინ საპასუხო მატჩია, მაგრამ ფაქტია, რომ უპირატესობა დამაიმედებელია. საქართველოს ნაკრები მე-12 წუთზე არჩილ სებისკვერაძის გოლით დაწინაურდა და ტაიმი ასე მოიგო. მეორე ნახევრის სტარტზე გუნდებმა გოლები გაცვალეს: ჯერ გიორგი ჩიმაკაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა, რასაც სტუმრებმა სებასტიან ბაჩოს გოლით უპასუხეს.
თუმცა, საქართველო უპირატესობას ფლობდა, რაც მატჩის ბოლოს გოლებშიც ასახა - სებისკვერაძემ დუბლი შეასრულა, ხოლო 36-ე წუთზე საბოლოო ანგარიში შოთა თოფურიამ დააფიქსირა - 4:1.
საპასუხო მატჩი სლოვაკეთში 23 სექტემბერს გაიმართება. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონტზე გავა, რომელიც 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება.
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად 2022 წელს ითამაშა და ჯგუფიდანაც გავიდა, როცა აზერბაიჯანი და ბოსნია დაამარცხა, ხოლო ბოლო ტურში ესპანეთთან წააგო. მაშინ, ასათიანის გუნდი მეოთხედფინალში გამოეთიშა ევროპირველობას რუსეთთან დაძაბულ ბრძოლაში მარცხით (1:3).









