UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი მომდევნო ორთაბრძოლისთვის მზადებას განაგრძობს. ქართველი "მანქანას" მეტოქე რეიტინგის მე-3 ნომერი კორი სენდჰეგენი იქნება. ამ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მერაბმა საინტერესო კომენტარი გააკეთა და გულშემატკივარს განსხვავებულ ბრძოლას დაჰპირდა.
"სენდჰეგენის წინააღმდეგ გულშემატკივარი განსხვავებულ ბრძოლას იხილავს. მინდა ყველაფერი ნოკაუტით დავასრულო, რადგან მთელი კემპის დროს დარტყმების ტექნიკაზე ვმუშაობ და ვფიქრობ ბრძოლის უმეტესი ნაწილი ფეხზე დგომში წარიმართება. მზად ვარ მასთან გაცვლებში შევიდე, ეს არის ჩემი მიზანი. ბევრი ფიქრობს, რომ კორისთან მარტივი ბრძოლა მექნება, მაგრამ ეს ასე არ არის. სენდჰეგენი შესანიშნავი მებრძოლია, კარგი დარტყმები აქვს, თავს კარგად იცავს თეიქდაუნებისგან და ის ასევე მტკივნეულ ილეთებზეც საკმაოდ საშიშია. ბოლო ბრძოლებში ის საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. მე მას როგორც მებრძოლს და როგორც ადამიანს დიდ პატივს ვცემ და მოუთმენლად ველი ორტაბრძოლის გამართვას. დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივარი კარგ სანახაობას იხილავს." - განაცხადა მერაბმა MMA JUNkIE-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და კორი სენდჰეგენის ორთაბრძოლა 5 ოქტომბერს ლას-ვეგასში გაიმართება.