ფეხბურთი

19:43 | 19.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ვილიარეალის" მწვრთნელი: "ფეხბურთი ყველგან ერთნაირია, ფორვარდმა გოლი ყველა ქვეყანაში უნდა გაიტანოს"
"თუ ვინმე ჩემპიონთა ლიგაზე მოტივირებულია და ლა ლიგაში არა, ის არცერთ ტურნირში არ ითამაშებს"

„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ განაცხადა, რომ ახალწვეულ ფეხბურთელებს გუნდთან ადაპტაციისთვის დრო სჭირდებათ. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ ფეხბურთი ყველგან ერთნაირია და თავდამსხმელებმა გოლები ყველა ქვეყანაში უნდა გაიტანონ.

„ფეხბურთი ყველგან ერთნაირია, საფრანგეთშიც და აშშ-შიც. თავდამსხმელებმა გოლები ყველა ქვეყანაში უნდა გაიტანონ. ეს არ იცვლება. მათ ადაპტაცია უნდა გაიარონ. ეს საბაბი არ არის. აიოზე უკვე დიდი ხანი ვერ თამაშობდა, მან კარგად ითამაშა „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ. იმედია, ფიზიკური პრობლემები აღარ ექნება, რადგან ის ძალიან მნიშვნელოვანია და დანარჩენებს ადაპტაცია მოუწევთ. იერემი და ეტა გუნდში აღარ არიან, სხვა მოთამაშეები მოვიდნენ და ადაპტაციას გაივლიან. საბაბის ძებნა არ მიყვარს. უნდა ვითამაშოთ და მოვიგოთ, არანაირი საბაბი.

ვცდილობთ, მოთამაშემ ვიზუალურად წარმოიდგინოს, რას ვითხოვთ მისგან და რას ვავალებთ. ვაჩვენებთ მათ ინდივიდუალურ ვიდეოებს და მოედანზე ვმუშაობთ მათზე, მაგრამ ისინი მანქანები არ არიან. ადაპტაციის სიტუაციები განსხვავებულია. ასევე უნდა გაიცნონ თანაგუნდელები, ეს დრო უნდა მივცეთ. ვცდილობთ, რომ მათ გააცნობიერონ, რა უნდა გააკეთონ მოედანზე, რათა მოერგონ ჩვენს გუნდურ იდეას და ავტომატურ პროცესებს.

შემადგენლობაში სიღრმე გვაქვს, რამდენიმე მოთამაშე წავიდა, რამდენიმე პოზიციაზე ცვლილებები გვაქვს. გვინდოდა მეტი კონკურენტუნარიანობის შექმნა, რათა ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაში შეგვეძლოს. სეზონის დასაწყისში ეს რთულია, მოედნის 8 ფეხბურთელი შევცვალეთ. ისინი ადვილად ვერ ეგუებიან გუნდს, რადგან ბოლოს მოვიდნენ. მათ სხვა ქვეყანასთან და სხვა შეჯიბრთან ადაპტაციის დრო სჭირდებათ. ვეცდებით, ეს დრო დავაჩქაროთ, მაგრამ ცვლილებები მოხდა და მათ დრო უნდა მივცეთ ადაპტაციისა და გუნდის გასაუმჯობესებლად.

ვინც საუკეთესო ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობაშია, ხვალ ეს მოთამაშეები ითამაშებენ. ვეცდებით, საუკეთესო გადაწყვეტილებები მივიღოთ. ხვალინდელი თამაშის შემდეგ, სევილიაში მატჩი გვაქვს, აღდგენის დრო მცირეა. ცვლილებები იქნება.

ვერ წარმომიდგენია, რომ ფეხბურთელი ერთ ტურნირში სათამაშოდ ზედმეტად მოტივირებული იყოს და მეორეში - არა, მაგალითად, ჩემპიონთა ლიგაზე იყოს მოტივირებული და ლა ლიგაში - არა. თუ ეს მოხდება, ის არცერთ ტურნირზე არ ითამაშებს. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ასეთ სიტუაციასთან საქმე არ გვექნება“, - თქვა მარსელინომ.

შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალისა“ და „ოსასუნას“ მატჩი 20 სექტემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება. გიორგი მიქაუტაძემ ესპანურ გუნდში ჯერ მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172715