საფრანგეთის ლიგა 1-ის მეხუთე ტური „ლიონი“ – „ანჟერის“ მატჩით დაიწყო, რომელიც მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.
„ლიონს“, რომელსაც ფინანსური კრიზისის გამო შემადგენლობა ძალიან შესუსტებული ჰყავს, ლიგა 1-ში კარგი სტარტი აქვს და მნიშვნელოვან ქულებს აგროვებს.
პაულუ ფონსეკას გუნდს ტანერ ტესმანმა მოაგებინა, რომელმაც 65-ე წუთზე გაიტანა ერთადერთი გოლი. „ლიონს“ ხუთ ტურში 12 ქულა აქვს და პსჟ-სთან ერთად ლიდერია, თუმცა მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. მომდევნო ტურში „ლომები“ 28 სექტემბერს, სტუმრად „ლილს“ შეხვდებიან.









