თბილისის ‘წიქარამ’ გორის ‘ჭალის’ სტადიონზე ადგილობრივ ‘გორს’ 24:3 სძლია და crocobet დიდი 10-ში პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
‘გორი’ და ‘წიქარა’ უმაღლეს დივიზიონში ისტორიაში პირველად თამაშობენ. პირველ ორ ტურში ორივე მათგანმა მარცხი განიცადა, იმ განსხვავებით, რომ ‘გორმა’ ერთი ნუგეშ-ქულის აღება მოახერხა. გორში ისინი პირველი გამარჯვებისთვის იბრძოდნენ და თავდაპირველად მასპინძლები დაწინაურდნენ, თუმცა მერე სტუმრებმა 24 უპასუხო ქულა აიღეს და სამი ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც მიიღეს.
თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო და ‘გორს’ დებიუტშივე შეეძლო დაწინაურება, თუმცა პაატა გალდავას ლელო წინპასის გამო გაუქმდა. საპასუხოდ ‘წიქარამ’ მეტოქე მისსავე 22-ში, შერკინებაში დააჯარიმა და ბურთი სწრაფად გაათამაშა, რასაც გურამ ღანიაშვილის სინბინი მოყვა. სტუმრებმა 3 ქულის აღებას ლელოზე თამაში არჩიეს და უქულოდ დარჩნენ. ჯერ კიდევ კაცნაკლულმა მასპინძლებმა მე-16 წუთზე ხელსაყრელ პოზიციაში ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს მამუკა ნინიძემ ანგარიში გახსნა.
ნელ-ნელა ‘წიქარას’ უპირატესობა გამოიკვეთა და 28-ე წუთზე პირველი ლელო გავიდა. მარჯვენა ფრთაზე ხაზი ლუკა ბურდულმა გაჭრა და 22-ში შევიდა, მას კარგად მიყვნენ თანაგუნდელები და რამდენიმე ფაზის შემდეგ ამირან სახელაშვილმა ლელო გაიტანა. 5 წუთში ნიკოლოზ ნოქარაშვილმა გადაცემა საკუთარ 22-თან ჩაჭრა და კონტრშეტევაზე ბურთი დიმიტრი ცაბაძეს გაატანა, რომელმაც ცენტრალური ხაზი გადაკვეთა და ლელოში ლევან ბერძენიშვილი შეუშვა. გიორგი ასათიანმა ორივე გარდასახა, ტაიმის ბოლოს 40 მეტრიდან ჯარიმაც გაიტანა და საკუთარი გუნდის უპირატესობა 14 ქულამდე გაზარდა - 3:17.
48-ე წუთზე ‘წიქარამ’ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. მათ თავისი ნახევრიდან ხელდახელ, მაღალ ტემპში შეუტიეს. ხაზი ჯერ ლევან ბერძენიშვილმა გაჭრა, მერე დავით იმნაძემ ითამაშა საუცხოოდ და 5-მეტრიანს უწია, რაქიდან გამოსული ბურთი კი მათე დარძულიძეს მიუვიდა და ის ვერავინ შეაჩერა. გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი იყო.
‘გორმა’ დარჩენილი დროის უმეტესი ნაწილი შეტევაში გაატარა, თუმცა ‘წიქარამ’ თავი კარგად დაიცვა და სეზონის პირველი 5 ქულა ჩაიწერა - 24:3. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ავჭალელთა კაპიტანი ბექა ყორიაული გახდა.
RUGBY.GE