ხვალ, 23 სექტემბერს ინგლისის კარაბაოს თასის 1/16 ფინალური მატჩი გაიმართება, სადაც "ლივერპული" საკუთარ მოედანზე "საუთჰემპტონს" უმასპინძლებს. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით ჩვენთვის საინტერესო სიახლეს ავრცელებს This is Anfield-ი. გამოცემა ვარაუდობს, რომ აღნიშნულ შეხვედრაში "მერსესაიდელთა" კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს და ქართველი ფეხბურთელის ოფიციალური დებიუტი შედგება.
ინგლისური გამოცემის ვერსიით ხვალინდელ მატჩში ძირითად შემადგენლობაში შემდეგი ფეხბურთელები იქნებიან:
მამარდაშვილი, ფრიმპონგი, ჯო გომესი, ჯოვანი ლეონი, რობერტსონი, ენდუ, კერტის ჯონსი, ტრეი ნიონი, რიო ნგუმუა, ისაკი და კიეზა.
„გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულში“ ამ ზაფხულს „ვალენსიადან“ ჩავიდა და ალისონის შემცვლელად კაოიმჰინ კელეჰერი შეცვალა. როგორც ჩანს, ეს იდეალური დროა ქართველისთვის „წითლების“ რიგებში დებიუტისთვის, რადგან ალისონს „ენფილდზე“ ერთი საღამო დასვენების საშუალება მიეცემა.
„ლივერპულის“ პირველი ნომრის ტრავმებისადმი მიდრეკილების გათვალისწინებით, დიდი შანსია, რომ გუნდს მამარდაშვილი ამ სეზონში პრემიერლიგაში დასჭირდეს, ამიტომ სლოტს სურს, რომ ის სათამაშო ფორმაში იყოს. 24 წლის ფეხბურთელის 2025-2026 წლების სეზონში შიდა თასებზე თამაში სრულიად ლოგიკურია“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი "ლივერპულს" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეუერთდა, ქართველმა პრესეზონზე გამართულ ამხანაგურ თამაშებში კი ითამაშა, თუმცა ოფიციალურ შეხვედრებში ჯერ შანსი არ მისცემია.
"ლივერპულისა" და "საუთჰემპტონის" მატჩი ხვალ, 23 სექტემბერს ჩვენი დროით 23:00 საათზე გაიმართება.