თბილისის ‘ლელომ’ ქუთაისის ‘აიას’ დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში 20:19 სძლია და „სარბიელის სინი“ ჩამოართვა, რომელსაც ვიცე-ჩემპიონები გასული სეზონიდან ფლობდნენ.
დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ გამართულმა crocobet დიდი 10-ის მესამე ტურის შეხვედრამ ორმხრივ შეტევებში ჩაიარა და მისი ბედი ბოლოსწინა წუთზე მიხეილ ყაჩლავაშვილის ლელომ გადაწყვიტა. ‘აიამ’ მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა, ნუგეშ-ქულას დასჯერდა და ჯამში 10 ქულით მე-4 ადგილზე დაეშვა. ‘ლელო’ მას 1 ქულით ჩამორჩება და მეექვსე პოზიციაზეა.
თამაშში ბურთი ‘ლელომ’ შეიყვანა, სტუმრები დაჯარიმდნენ და გიორგი ბოლქვაძემ ანგარიში დებიუტშივე გახსნა. საწყის 6 წუთში ‘აია’ სამჯერ დაჯარიმდა და ბოლქვაძემ კარის წინ 25 მეტრიდან მეორე ზუსტი დარტყმა შეასრულა. ორ წუთში ელგუჯა მახარეიშვილმა ერთი ჯარიმა გაქვითა. მომდევნო 10 წუთში ბოლქვაძემ და მახარეიშვილმა ჯარიმები გაცვალეს. ტაიმის შუაში დავით ვარდანიძე სინბინით დაისაჯა, თუმცა ‘ლელომ’ 10-წუთიანი რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლა და პირიქით, 28-ე წუთზე მახარეიშვილისგან მესამე ჯარიმა გაუშვა - 9:9.
მეორე ტაიმის დასაწყისში ბოლქვაძემ ჯარიმით ‘ლელოს’ უპირატესობა დაუბრუნა. 54-ე წუთზე ყვითელი ბარათი ზაურ კენჭაძემ მიიღო და ‘აიამ’ რიცხობრივი უპირატესობით მალევე ისარგებლა - მეტოქის 22-ში ბურთი სწრაფად ჩაათამაშა და თემურ კოხოძემ შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა, მახარეიშვილმა კი რთული პოზიციიდან გარდასახა და ქუთაისელები პირველად დაწინაურდნენ.
ბოლქვაძემ მორიგი ჯარიმით ჩამორჩენა 63-ე წუთზე მინიმუმამდე დაიყვანა. მას 10 წუთში მახარეიშვილმა ჯარიმითვე უპასუხა, დასკვნით წუთებში კი მასპინძლებმა წნეხი გააძლიერეს და ‘აიამ’ შეცდომები დაუშვა. ამან ‘ლელოს’ ბოლოწინა წუთზე მოლით შეტევის შესაძლებლობა მისცა, რომელსაც ყაჩლავაშვილი მოწყდა და გადამწყვეტი ლელო ალამთან დაამიწა. გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა დიდ დიღმელებმა ბოლო შეტევა მოიგერიეს და 20:19 გაიმარჯვეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ბოლქვაძე გახდა.
RUGBY.GE