ქუთაისის ‘არესმა’ თბილისის ‘არმიასთან’ 15-ქულიანი ჩამორჩენა მეორე ტაიმში აღმოფხვრა და crocobet დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა - 40:32.
„აია არენაზე“ შეკრებილმა მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ და ლიდერობა მოიპოვეს, თუმცა შესვენების შემდეგ ‘არესი’ სრულად დომინირებდა და მატჩიც თავის სასარგებლოდ დაასრულა. გუნდებმა ჯამში 10 ლელო გაიტანეს, საიდანაც 6 მასპინძელთა ანგარიშზეა.
გუნდებმა თამაში აქტიურად, მაღალ ტემპში დაიწყეს. ანგარიში მასპინძლებმა მე-11 წუთზე გახსნეს. ზურა ძნელაძემ კარის წინ 25 მეტრში ჯარიმა სწრაფად გაითამაშა და შეუტია, რასაც 22-ში ფორვარდების რამდენიმე დარტყმა და პიტა იავი მაის ძალისმიერი ლელო მოყვა. ამის შემდეგ ‘არმიამ’ 20 უპასუხო ქულა მოიხვეჭა. ‘არესის’ ექს-მგეზავმა გიორგი თევდორაძემ ჯარიმა მე-16 წუთზე გაიტანა. ტაიმის შუაში ‘არმიამ’ თავის 22-თან დანიშნული შერკინებიდან ხელდახელ შეუტია, მოკლე ფრთაზე ლუკა ტაბატაძე გაიქცა და ცენტრალური ხაზი გადაკვეთა, ბურთი მარცხენა ფრთაზე ჩათამაშდა, ბექა მაჭარაშვილმა ის მერლს პიტერსთან გაითამაშა და ლამაზი ლელოთი სტუმრები დააწინაურა.
თევდორაძემ გარდასახვის შემდეგ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, ხოლო 34-ე წუთზე სანდრო ნახუცრიშვილზე ბოჭვა გაფუჭდა, მან ხაზი გაჭრა და ლელომდე ირბინა, თევდორაძემ კი გარდასახვით სტუმართა უპირატესობა 15 ქულამდე გაზარდა. ტაიმის ბოლოს თევდორაძეს არეკნის შესრულებისას დაუფარეს და ‘არესმა’ ბოლო წუთზე კარგი შეტევის შანსი მიიღო. მერე ‘არმიამ’ საკუთარ 22-ში დერეფანში დაკარგა ბურთი, რასაც ქუთაისელთა იერიში მოყვა, პიტა იავი მაიმ ჯარიმა 5-მეტრიანთან გაითამაშა, რაქიდან ბურთი ზურა ძნელაძეზე გავიდა და მისი ლელო სანდრო ფურცხვანიძემ გარდასახა - 12:20.
მეორე ტაიმის დასაწყისში ცოტნე კვესელავამ თავისი 22-იდან დაიწყო შეტევა, რაქის შემდეგ ელგუჯა მარგველაშვილმა მოულოდნელად თავად შეუტია, ხაზი გაჭრა და მეტოქის 22-ში შევიდა, ორი ფაზის შემდეგ კი მისი პასით ძნელაძემ თავისი მეორე ლელო გაიტანა. 48-ე წუთზე ‘არესმა’ კარგი მოლით შეუტია და ბაქარ ბურჯალიანმა ლელოთი თავისიანები დააწინაურა, ფურცხვანიძემ კი გარდასახა.
‘არმიამ’ 55-ე წუთზე უპასუხა, პიტერსმა ფეხით გადაკიდებული ბურთი აიღო და კონტრშეტევა წამოიწყო, მას კარგად მიყვა ბექა მაჭარაშვილი და ლელოთი ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, გარდასახვა კი ძელმა აისხლიტა. 64-ე წუთზე მარგველაშვილმა რაქიდან კიდევ ერთხელ შეუტია და ამჯერად ლელო თვითონ გაიტანა. 10 წუთში ქუთაისელებმა მორიგი კარგი შეტევა წამოიწყეს, დავით კვირიკაშვილმა ხაზი გაჭრა, იერიში მაღალ ტემპში გაგრძელდა და არსენ მაჩალაძის ლელოთი დასრულდა. ფურცხვანიძემ ორივე გარდასახა.
მასპინძლებს ბონუს-ქულის აღების კარგი შანსი გაუჩნდათ, თუმცა 77-ე წუთზე ‘არმიამ’ თავისი მეოთხე ლელო გაიტანა. მათი ხელდახელ შეტევა იაგო გელაძის 5 ქულით და გიორგი ჯაშის გარდასახვით დასრულდა, თუმცა სტუმრებმა ნუგეშ-ქულის მოპოვება მაინც ვერ მოახერხეს. ‘არესმა’ 40:32 გაიმარჯვა და 13 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო ‘არმია’ 1 ქულით ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზე რჩება. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ელგუჯა მარგველაშვილი გახდა.
RUGBY.GE









