რაგბი

22:50 | 22.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ხვამლი 39:12 ხარები

თბილისის ‘ხვამლმა’ crocobet დიდი 10-ის მესამე ტურის დასკვნით მატჩში რუსთავის ‘ხარები’ 39:12 დაამარცხა და ბოლო წუთზე გატანილი მეხუთე ლელოთი ბონუს-ქულაც მოიპოვა.

თამაშის ბედი ფაქტობრივად საწყის 20 წუთში გადაწყდა, რომლის დროსაც საბა არაგველმა სამი ლელო გაიტანა, ლაშა მალაღურაძემ კი გუნდს კიდევ 7 ქულა შესძინა. ‘ხარებმა’ შესვენების შემდეგ ორი ლელოს გატანა შეძლო, თუმცა ორი თავადაც გაუშვა და მასპინძლებს ბონუს-ქულაც გაატანა.

ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა. საბა არაგველმა შებრუნებული გადაცემის შემდეგ ხაზი სუფთად გაჭრა და პირველი ლელო მიითვალა. ‘ხარებს’ მალევე შეეძლო პასუხის გაცემა, თუმცა სანდრო მარგიანს ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა. მე-15 წუთზე ლაშა მალაღურაძემ მეტოქის 22-ში ფეხით გადაკიდა ბურთი, მას არაგველი ნახტომში დაეუფლა და მარცხენა ალამთან ლელოში შეფრინდა.

მე-19 წუთზე არაგველი ირაკლი სულეიმანაშვილის ოფლოუდის შემდეგ მარცხენა ფრთაზე კიდევ ერთხელ გაიქცა და მესამე ლელო გაიტანა, მალაღურაძემ კი ორი გარდასახვა გამოიყენა და 23-ე წუთზე ჯარიმით ანგარიში 22:0 გახადა. შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. 29-ე წუთზე ლუკა გელაშვილი და ირაკლი ლუარსაბიშვილი წაკინკლავდნენ და სულხან ჩიხლაძემ ორივე გაასინბინა.

მეორე ტაიმი რომ დაიწყო ‘ხარებმა’ მეტოქეს ბურთი მოედნის ცენტრში აართვა, სწრაფად ჩაათამაშა ფრთაზე და არჩილ იაშაღაშვილმა პირველი საპასუხო ლელო გაიტანა, მარგიანმა კი გარდასახა. ‘ხვამლმა’ 48-ე წუთზე უპასუხა, სტუმრებმა ბურთი მეტოქის ნახევარზე დაკარგეს, ფრთაზე ლაშა კაკაურიძე გაიქცა და ლელომდე ირბინა. მალაღურაძემ გარდასახა. ტაიმის შუაში რუსთაველებმა მეორე ლელო გაიტანეს. ხაზი გიორგი ხუროშვილმა გაჭრა, კარგად იარა და ლუკა წიკლაურს გადაცემა არ დაუგვიანა, რომელმაც ბოჭვის მიუხედავად ლელო მაინც გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

მასპინძლებმა აღარ გარისკეს და 62-ე წუთზე მალაღურაძის ჯარიმით უპასუხეს, 64-ეზე კი მოთამაშეები კიდევ ერთხელ წაკინკლავდნენ და ჩიხლაძემ ამჯერად მიხეილ თაყაიშვილი და ხვიჩა ბუჯიაშვილი გაასინბინა. ‘ხარებმა’ იქვე კიდევ ერთი ლელოს გატანა მოახერხა, თუმცა ის წინპასის გამო ვიდეო-რეფერიმ გააუქმა. ბოლო წუთზე არაგველის ფეხით შეცურებულ ბურთს ფრიდონ წიკლაური მიყვა, შებოჭილმა ლუკა თოდუას ოფლოუდი ამოუგდო და მანაც ბონუსის მომტანი ლელო გაიტანა. მალაღურაძემ, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა გარდასახვით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 39:12.

‘ხვამლს’ სამი თამაშის შემდეგ 10 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. ‘ხარები’ მას 1 ქულით ჩამორჩება და მეხუთე პოზიციაზეა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095769