„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ინგლისის ლიგის თასზე „საუთჰემპტონთან“ მატჩამდე ისაუბრა.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ შემადგენლობაში ბევრი ცვლილება იქნება, რომელიც გიორგი მამარდაშვილსაც შეეხება:
„ცვლილებებს განვახორციელებთ, ისევე, როგორც გასულ სეზონში ლიგის თასზე ვაკეთებდით. ძალიან ბევრი თამაშია, ჩვენს ფეხბურთელებს შეუძლიათ თამაში, მაგრამ დროდადრო დასვენება მათაც სჭირდებათ, შესაბამისად, შემადგენლობა სრულიად შეცვლილი იქნება. ისაკი, მამარდაშვილი და ლეონი? დიახ, შეიძლება, რომ ითამაშონ, იგივე ითქმის, ენდოსა და დანარჩენებზე. ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც თამაში სჭირდებათ. თასის მატჩი რომ არა, ალბათ, ამ ფეხბურთელებისთვის ამხანაგურ მატჩს მოვაწყობდით, რადგან მათაც სჭირდებათ თამაში, რათა მზად იყვნენ, როცა დაგვჭირდებიან. ბოლო სამ მატჩში საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გამოვიყენეთ, მაგრამ არა ყველა და მათთვის, რომლებსაც არ უთამაშიათ, ეს ნამდვილად იდეალური მომენტია სათამაშო დროის მისაღებად“, - თქვა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „საუთჰემპტონის“ მატჩი 23 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.






