ფეხბურთი

2:08 | 23.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ვცდილობთ, ჩემპიონები ისევ გავხდეთ, მკითხავი არ ვარ, არ ვიცი, რა მოხდება"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „მარსელთან“ წაგების (0:1) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ძალიან ბევრი მცირე შეცდომა დაუშვეს, რამაც წაგება გამოიწვია, მაგრამ გუნდის ამბიციით და მონდომებით კმაყოფილია:

„როგორც წესი, როდესაც კლასიკზე ვსაუბრობთ, დაძაბული ატმოსფეროა, რაც ორივე გუნდზე გადადის. მატჩი კარგად დავიწყეთ, მაგრამ მეტოქეს გოლის გაშვებით შანსი დავკარგეთ. პირველ ტაიმში სირბილი გვაკლდა. ბევრი პატარა შეცდომა დავუშვით. თუმცა, მეორე ტაიმი უკეთესი იყო, მატჩს ვაკონტროლებდით და გვქონდა შესაძლებლობა, ფრედ მაინც გვეთამაშა.

არ ვეთანხმები, რომ კონცენტრაცია გვაკლდა. წარმოუდგენლად ვიბრძოდით. ​​რაც შეგვიძლია გავაკრიტიკოთ, ეს არის ჩვენს მიერ დაშვებული მარტივი შეცდომების რაოდენობა, რაც ამ ტიპის მატჩისთვის ძალიან ბევრია. შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ კმაყოფილი ვარ ამბიციით, თავდაჯერებულობითა და გუნდის დნმ-ით. და ნორმალურია, რომ მატჩები წააგო. საბაბს არ ვეძებთ.

ვიცით, რას ნიშნავს ასეთი მატჩის წაგება, ჩვენთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც. ვეცადეთ საუკეთესო თამაში გვეთამაშა, რაც შეგვეძლო. „მარსელმა“ კარგად ითამაშა, ინტენსივობითა და ხარისხით, ორივე გუნდისთვის რთული იყო. ასეთია უმაღლესი დონის ფეხბურთი. სამწუხაროა ჩვენთვის, მაგრამ სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის უნდა მოვემზადოთ და ვეცადოთ, რომ ჩვენი გზა გავაგრძელოთ ყველა ტურნირზე.

„მარსელს“ შეუძლია ჩემპიონობაში ხელი შეგვიშალოს? ვნახოთ, არ ვიცი, მკითხავი არ ვარ. ვცდილობთ, ისევ ჩემპიონები გავხდეთ, ეს ჩვენი მიზანია. თუმცა, რთული იქნება, ამისთვის „მარსელი“ და „მონაკოც“ მზად არიან“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, პსჟ-ს წაგების შემდეგ ლიგა 1-ს ხუთი ტურის შემდეგ ოთხი ლიდერი ჰყავს: პსჟ-ს, „მონაკოს“, „ლიონსა“ და „სტრასბურს“ 12-12 ქულა აქვთ. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო მატჩს 27 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „ოსერთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093421