საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის საპასუხო მატჩს სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, ავთანდილ ასათიანის გუნდმა ბრატისლავაში, მატჩის მასპინძელ გოპას არეანზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მათ შორის გუნდის კაპიტანი, ირაკლი თოდუა, რომელიც ამ შეხვედრაში მეასედ მოირგებს ეროვნული ნაკრების მაისურს.
მატჩისწინა ვარჯიშს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია დაესწრო.
ავთანდილ ასათიანი: „დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი შრომა დაფასდება. მართალია, რაღაცა უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ეს არაფერია, თამაში 0:0-დან იწყება. შეიძლება ტაქტიკური უპირატესობა იყოს, გუნდი სხვანაირად გადაეწყოს, მაგრამ ჩემი აზრით, გვაქვს შანსი, რომ ზედიზედ მეორედ გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. ამისთვის საჭირო იქნება თითო მილიმეტრზე ბრძოლა, იმიტომ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ის გავა, ვინც 100%-ით იბრძოლებს“.
ირაკლი თოდუა: „ორი წელია ამ დღისთვის ვემზადებით, შესარჩევი ეტაპი, ამხანაგური მატჩები და პლეი-ოფის პირველი მატჩიც იყო იმისთვის, რომ ამ დღემდე მოვსულიყავით. ემოციურად, ფიზიკურად, ტაქტიკურად, მზად ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავა“.
საბა ტყეშელშვილი: „მშვენიერი განწყობაა, კომფორტული უპირატესობა, სამბურთიანი გვაქვს. თითოეულ ჩვენგანს სჯერა, რომ შრომით, ერთად დგომით და ბრძოლით მოვახერხებთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას“.
გურამ კაშია: „ძალიან დიდი წარმატებაა, ეს ბიჭები რამდენიმე წელია გვახარებენ, მიხარია, რომ ასეთი გუნდი გვყავს. მეორედ ვართ ძალიან ახლოს ვართ ევროპის ჩემპიონატთან. იმედია, წარმატებული თამაში იქნება, აუცილებლად ბევრი ქართველი მოვა თამაშზე, მეც ვიქნები და გუნდს მხარს დავუჭერთ. რთული სპორტია, მეც ბევრი მაქვს ნათამაშები, ამიტომ, ბიჭებს შრომა უნდა დავუფასოთ და ვუქომაგოთ. ძალიან ხშირად ვუყურებ თამაშებს და მიხარია, რომ ასეთი ნაკრები გვყავს“.
დავით მუჯირი: „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს ფუტსალის ნაკრებს და სასიამოვნოა, რომ სამბურთიანი უპირატესობა მოვიპოვეთ პირველ შეხვედრაში. რა თქმა უნდა, ამ ეტპზე ყველა მეტოქე ანგარიშგასაწევი ძალაა და არც სლოვაკეთია გამონაკლისი, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ ზედიზედ მეორედ მოვახერხებთ პლეი ოფის გადალახვას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, პირველად რომ გავედით, მეოთხედფინალშიც ვითამაშეთ. ბიჭები მოტივირებული არიან და წარმატებებს ვუსურვებ“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სლოვაკეთთან პირველი მატჩი 4:1 აქვს მოგებული. დღევანდელი მატჩი 20:30 საათზე გაიმართება.
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად 2022 წელს ითამაშა და ჯგუფიდანაც გავიდა, როცა აზერბაიჯანი და ბოსნია დაამარცხა, ხოლო ბოლო ტურში ესპანეთთან წააგო. მაშინ, ასათიანის გუნდი მეოთხედფინალში გამოეთიშა ევროპირველობას რუსეთთან დაძაბულ ბრძოლაში მარცხით (1:3).