საქართველოს თასზე ნახევარფინალისტების ვინაობა ცნობილია. მეოთხედფინალის მატჩები სტუმართა გამარჯვებებით დასრულდა.
ტურნირის გამოეთიშა თასის მოქმედი მფლობელი „სპაერი“, რომელიც გორის „დილასთან“ დამარცხდა. დეო ბასინგასა და ალექსანდერ ანდრონიკაშვილის გოლებით სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ, რასაც პირველივე ტაიმში გიორგი ცეცხლაძემ უპასუხა, მაგრამ მეორე ნახევარში სიტუაცია არ შეცვლილა და „დილამ“ 2:1 მოიგო.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „იბერიაც“ ნახევარფინალშია, რომელმაც სტუმრად ტყიბულის „მეშახტე“ ადვილად, 3:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაშიც პირველ ტაიმში გავიდა ყველა გოლი, რომლებიც ირაკლი სიხარულიძის, გურამ გოშთელიანისა და გიზი მამაგეიშვილის აქტივშია.
„დინამო ბათუმმაც“ გასვლაზე 3:0 მოიგო თბილისის „ლოკომოტივთან“. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი თორნიკე კირკიტაძემ სწრაფად დააწინაურა, ხოლო შემდეგ გურამ ჯაფარიძემ და ლუკა წულუკიძემ გაიტანეს. შედეგად, ბათუმელებმა მოიგეს და მომდევნო ეტაპზე არიან.
ნახევარფინალში ითამაშებს „სამტრედიაც“, რომელმაც სტუმრად „რუსთავი“ 2:1 დაამარცხა. აქაც პირველ ტაიმში გავიდა გოლები: იმერლები გიორგი გადრანის და ლევან კუტალიას გოლებით დაწინაურდნენ, მასპინძლებმა დმიტრო დობრანსკის გოლით შეამცირეს ჩამორჩენა, მაგრამ მეორე ტაიმში ანგარიში ვეღარ გაათანაბრეს.
ნახევარფინალური მატჩები 30 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო წყვილები ასეთია: „დილა“ – „სამტრედია“ და „იბერია“ – „დინამო ბათუმი“.
„სპაერი“ – „დილა“ 1:2 (1:2)
გოლები: 0:1 ბასინგა (16), 0:2 ანდრონიკაშვილი (24, პენ), 1:2 ცეცხლაძე (36)
„ლოკომოტივი“ – „დინამო ბათუმი“ 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 კირკიტაძე (5), 0:2 ჯაფარიძე (59), 0:3 წულუკიძე (68)
„მეშახტე“ – „იბერია“ 0:3 (0:3)
გოლები: 0:1 სიხარულიძე (12), 0:2 გოშთელიანი (19), 0:3 მაგაგეიშვილი (34)
„რუსთავი“ – „სამტრედია“ 1:2 (1:2)
გოლები: 0:1 გადრანი (8), 0:2 კუტალია (30), 1:2 დობრანსკი (38)