ესპანეთის ლა ლიგის მეექვსე ტურში „ვილიარეალმა“ სტუმრად „სევილია“ 2:1 დაამარცხა, რაშიც გიორგი მიქაუტაძის უდიდესი წვლილია, მიუხედავად იმისა, რომ ძირითად შემადგენლობაში არ იყო.
„ვილიარეალი“ მე-17 წუთზე ტანიტოლუვა ოლუვასეის გოლით დაწინაურდა, რასაც სევილიელებმა მეორე ტაიმის სტარტზე ჯიბრილ სოუს გოლით უპასუხეს. მიქაუტაძის ძირითადში არყოფნის მიზეზი როტაციაა, რათა მას დასვენების საშუალება ჰქონოდა, ვინაიდან „ვილიარეალი“ ყოველ სამ დღეში თამაშობს.
თუმცა, 69-ე წუთზე ქართველი ფორვარდი თამაშში ჩაერთო და საგოლე პასით გამოირჩა: თანაც, შესანიშნავი ასისტი იყო, ჯერ მეტოქე მოატყუა ეფექტურად, საჯარიმოში შეიჭრა და მანორ სოლომონს ისეთი პასი გაუკეთა, რომ თანაგუნდელს გოლის გარდა სხვა უფლება არ ჰქონდა. მანაც ზუსტად დაარტყა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
გიორგი მიქაუტაძეს „ვილიარეალში“ ჩატარებულ ოთხ მატჩში თითო გოლი და საგოლე პასი აქვს აქტივში, კონკრეტულად ლა ლიგაში სამი თამაში, 1 გოლი და 1 საგოლე პასი.
„ვილიარეალი“ ლა ლიგაში ექვს ტურში მოპოვებული 13 ქულით მესამე ადგილზეა, მომდენო ტურში კი, 27 სექტემბერს, „ბილბაოს“ უმასპინძლებს.






