სამშაბათს, ნიუ-იორკში მდებარე ტრამპ თაუერში შეხვედრა გაიმართა, სადაც FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და გენერალური მდივანი, მატიას გრაფსტრომი ურუგვაისა და პარაგვაის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებს შეხვდნენ.
როგორც ცნობილი გამოცემა The Athletic-ი იტყობინება, შეხვედრაზე 2030 წლის მუნდიალზე გუნდების რაოდენობის გაზრდაზე იმსჯელეს, საუბარია 64 გუნდიან ჩემპიონატზე. ინიციატივა სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ CONMEBOL-მა წამოაყენა და მათ ამ ინიციატივას ჰყავს როგორც მხარდამჭერები, ისე მოწინააღმდეგეები. CONMEBOL-ს სურს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 100 წლის იუბილეზე ჩემპიონატი განსხვავებული ფორმატით ჩატარდეს და ამ მასშტაბურ მოვლენაში მონაწილეობა რაც შეიძლება ბევრმა ნაკრებმა მიიღოს.
მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატის შეცვლას FIFA-ს საბჭოს დასტური სჭირდება, ასე, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და ამ საკითხთან დაკავშირებით ორგანიზაცია მსჯელობას გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს და ტურნირი ერთდროულად სამ ქვეყანაში: აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება.